არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მიერ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებებს ეხმაურებიან.
მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ შეთანხმების დარღვევა ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად დააზარალებს, რაზეც პასუხისმგებელი ხელისფულება იქნება.
EMC-ის იურისტი გური იმნაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები სასამართლოში ბევრჯერ განხილულა.
"მართლმსაჯულების სისტემა არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური, მით უმეტეს ბოლო პერიოდში რამდენიმე საქმე იყო, სადაც იკვეთება პოლიტიკური მართლმსაჯულების და შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნები. ამიტომ ცხადია, რომ ხელისუფლებაზე მსგავსი მოწოდებები არის სამართლიანი და წინასაარჩევნო კონტექსტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა არ იყოს ქვეყანაში", - აღნიშნა იმნაძემ.
მის პოზიციას იზიარებს ISFED-ის ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლო ჩაგდება ოპოზიციას გადააბრალოს.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ დღეს სწორედ ისინი არიან უმრავლესობით წარმოდგენილი პარლამენტში, ისინი არიან ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე. პოტენციურ სცენარზე საუბრობს და წინასწარ ამზადებს საზოგადოებას ისეთი სცენარისთვის, თითქოს საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება და ამაზე თითქოს პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება", - განაცხადა ბენიძემ.
საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.
რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.
ამაასთან, დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა.
ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.