logo
ENG



ოხანაშვილი რურუაზე:სასამართლო ხელისუფლებაში პოლიტიკის შეტანა არაკონსტიტუციურია

25 მაი 202014:34
3 წუთის საკითხავი
 

მმართველი გუნდის წევრი ანრი ოხანაშვილი „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავსუფლების საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი შეთანხმება ოპოზიციასთან არ ყოფილა. ოხანაშვილის თქმით, პოლიტიკა სასამართლო სისტემაში ვერ ჩაერევა.

„რაც შეეხება არაკონსტიტუციურ მოწოდებას, რომ სასამართლო სისტემაში პოლიტიკა უნდა შევიტანოთ და ვინმემ უნდა გაბედოს და ჩაერიოს, ეს არის, ერთი - დანაშაულებრივი მოწოდება, რადგან ასეთი რამ სისხლის სამართლებრივ კოდექსში დასჯადია და არის არაკონსტიტუციური. ამიტომ, წარმოუდგენელია ვინმე შეთანხმებულიყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით არაკონსტიტუციურ საკითხზე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. მისი გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა - პოლიტპატიმრის გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები კი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

 

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის, შეწყალებას გამოეხმაურა. როგორც მაკკალისტერმა აღნიშნა, 15 მაისს პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა მისივე თქმით ასევე მნიშვნელოვანია გიორგი რურუას გათავისუფლება.

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი ასევე ავრცელებენ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ელიან რურუას გათავისუფლებას.

8 მარტის შეთანხმება: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

 


close დახურვა