კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (ОДКБ) კონტინგენტის რუსული ნაწილის პირველი დანაყოფები ყაზახეთში ჩაფრინდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემები თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
კონკრეტულად სად გადაისროლეს სამხედროები, უცნობია. როგორც ცნობილია, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის კონტინგენტი უნდა დაეხმაროს ყაზახურ ძალებს, რომ ჩაახშონ პროტესტი და არეულობა.
ОДКБ-ს დახმარების თხოვნით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ ტოყაევმა მიმართა.
ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გუშინ, 5 იანვარს მთელი დღის განმავლობაში ყაზახეთის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდებოდა. ქალაქ ალმათში მომიტინგეებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა და აეროპორტი დაიკავეს. ქვეყნები ყაზახეთის მიმართულებით რეისებს აუქმებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი გაითიშა ინტერნეტი.
პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.
ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.