პოლონეთი აცხადებს, რომ ბელარუსმა სასაზღვრო კრიზისში ტაქტიკა შეცვალა და ახლა ადამიანთა მცირე ჯგუფებს ევროკავშირის აღმოსავლეთის საზღვრის რამდენიმე სხვადასხვა წერტილისკენ აგზავნის. ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა გარდიანი ავრცელებს.
პოლონეთის საზღვრის მცველებმა საზღვრის გადაკვეთის ახალი შემთხვევები დააფიქსირეს, როცა ძირითადად 12-მდე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები ცდილობდნენ პოლონეთში შეღწევას.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, მიგრანტების საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანა კრიზისის შემსუბუქების ინდიკატორად მიიჩნეოდა, პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშაკი აცხადებს, რომ ის ამ შეცვლილი ტაქტიკის გამო საზღვართან დაძაბულობის გახანგრძლივებას ელის.
„ახლა ბელარუსის სამსახურებმა და მიგრანტებმა ოდნავ განსხვავებული, ახალი მეთოდი შეიმუშავეს. ადამიანთა მცირე ჯგუფები ბევრ სხვადასხვა ადგილას ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას. ეჭვგარეშეა, რომ ამ თავდასხმების ორგანიზატორი ბელარუსის სამსახურებია.
ახლა ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმ გარემოებისთვის, რომ ეს პრობლემა თვეების განმავლობაში გაგრძელდება. მე ეჭვი არ მეპარება რომ ასე მოხდება“ - განაცხადა მინისტრმა, ერთ-ერთ პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში.
***
შეგახსენებთ, რომ ათასობით ადამიანი, რომელთა უმეტესობა შუა აღმოსავლეთიდანაა, კვირების განმავლობაში ევროკავშირში შეღწევის იმედით ბელარუსი-პოლონეთის საზღვართან ცხოვრობდა.
ევროკავშირი, ნატო და აშშ ბელარუსის ლიდერს მიგრანტების პოლონეთის საზღვართან მობილიზებასა და მათთვის ევროკავშირში მარტივად შესვლის ცრუ დაპირებაში ადანაშაულებს. ლუკაშენკო ამ ბრალდებას უარყოფს.
ბელარუსის ავტორიტარმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, 19 ნოემბერს, BBC-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ ბელარუსის ძალები მიგრანტებს პოლონეთის საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარნენ.
„ჩვენ სლავები ვართ და გული გვაქვს. ჩვენმა სამხედროებმა იციან, რომ მიგრანტები გერმანიაში მიდიან. შეიძლება ვიღაც დაეხმარა მათ. ამ საკითხით არც კი დავინტერესდებოდი“, - თქვა ლუკაშენკომ BBC-სთან ინტერვიუში.
ამ კვირაში, პოლონეთის საზღვრის მცველებმა დაადასტურეს, რომ ბელარუსი-პოლონეთის საზღვართან მიგრანტები აღარ იმყოფებოდნენ. ისინი ბელარუსის ძალებმა დროებით ახლომდებარე საწყობში შეასახლეს, რაც სიტუაციის დეესკალაციად განიხილებოდა.
აღსანიშნავია, სამშაბათს, 16 ნოემბერს საზღვართან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, როცა საზღვრის მიმდებარედ, კუზნიცას რეგიონში, მიგრანტები პოლონეთის თავდაცვის ძალებს თავს დაესხნენ. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიგრანტებმა პოლონელ სამხედროებს და ოფიცრებს ქვები დაუშინეს და სასაზღვრო ღობის განადგურებით პოლონეთში შეღწევას სცადეს.
ხუთშაბათს, 18 ნოემბერს კი ერაყის ხელისუფლებამ ბელარუსიდან 400-ზე მეტი ერაყელი სპეციალური ავიარეისით დააბრუნა სამშობლოში. ამის მიუხედავად ბელარუსში ამ დრომდე დაახლოებით 5 000 მიგრანტი რჩება.
ცნობისთვის, ევროკავშირში პოლონეთის საზღვართან მიგრანტების კრიზისის საპასუხოდ, ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაზრდაზე ისაუბრეს.