logo
ENG



პრაისი: აშშ–ს აქვს შეკითხვები ყაზახეთთან, თუ რატომ არიან უცხო ჯარები მათ მიწაზე

07 იან 202211:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/07/9n3ky9vsltb4jgs.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ამბობს, რომ აშშ–ს კითხვები აქვს ყაზახეთთან, თუ რატომ არიან უცხო ქვეყნის ჯარები ყაზახეთის მიწაზე, როდესაც ყაზახეთს თავად აქვს საკუთარი სამხედრო რესურსები. ნედ პრაისი ეხმაურება ყაზახეთში ОДКБ-ს ჯარების ჩასვლას, რაც ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოყაევმა ითხოვა. ОДКБ-ს შემადგენლობაში შედის რუსეთი.

ნედ პრაისი ამბობს, რომ აშშ დააკვირდება უცხო ჯარების მოქმედებას ყაზახეთის ტერიტორიაზე და ასევე, ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას.

"კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის განთავსებაზე [ყაზახეთში]  პირველ რიგში, მოვითხოვთ ყაზახეთმა უპასუხოს ჩვენს შეკითხვებს. ჩვენ გვაქვს შეკითხვები ჯარების განთავსებაზე სწორედ იმიტომ, რომ ყაზახეთს, ყაზახეთის მთავრობას, აქვს რესურსები, საკუთარი რესურსები და მთავრობას თავად აქვს კარგი სამხედრო დაცვა. ამიტომ, ჩვენ ყაზახეთის მთავრობას ვუთმობთ ასპარეზს ილაპარაკონ თუ რა მიზეზით,  რა ლოგიკური დასაბუთებით ახსნიან, უცხოელი ჯარების გადასხმას თავიანთ მიწაზე. როგორც ვთქვი, ჩვენ ყურადღებით დაკავირდებით ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და დავაკვირდებით უცხო ჯარების ნებისმიერ ძალისხმევას და მოქმედებას ყაზახეთში." – თქვა ნედ პრაისმა პრესასთან ბრიფინგზე.

კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (ОДКБ) გენერალური მდივნის, სტანისლავ ზასის თქმით, ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელები ყაზახეთში დიდხანს არ გაჩერდებიან. თუმცა რა იგულისხმება მოკლე პერიოდში, მან არ დააზუსტა.

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს პერიოდი ხანმოკლე იქნება. კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებაშიც ასეა ნათქვამი - "მოკლე პერიოდის განმავლობაში". რომელი არახანგრძლივი პერიოდით - რამდენიმე დღე, თუ რამდენიმე კვირა - ეს დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე, ეს დამოკიდებული იქნება ყაზახეთში განვითარებულ სიტუაციაზე და, რა თქმა უნდა, ყაზახეთის ხელმძღვანელობის პოზიციაზე" , - განაცხადა ზასმა Ria-სთან ინტერვიუს დროს.

მისივე თქმით, მშვიდობისმყოფელები დემონსტრანტების დარბევას არ აპირებენ და მათ სხვა ამოცანები ექნებათ. 

ყაზახეთში უკვე ჩაფრინდა პირველი რუსული დანაყოფები. ОДКБ-ს სხვა წევრი სახელმწიფოებიც აცხადებენ, რომ სამხედროებს გაგზავნიან. ბელარუსი გეგმავს გაგზავნოს 100-300 მებრძოლი, ტაჯიკეთი - 200, სომხეთი - 70-მდე. ყირგიზეთის პარლამენტმა კი სამხედროების გაგზავნის განხილვა გადადო, საბოლოოდ კი 150 ჯარისკაცის გაგზავნა გადაწყვიტა. 

ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. 6 იანვარს ალმათის ცენტრში შეტაკაბები იყო. შსს-ში ამბობენ, რომ მათ "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია" დაასრულეს. 

აქტივისტები და ჟურნალისტები ყვებიან, რომ ალმათის ცენტრალურ მოედანზე სამართალდამცავები მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ 2 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 18 სამართალდამცავი კი დაიღუპა. ოფიციალური უწყებები დემონსტრანტების მხრიდან დაღუპულებზე ან დაჭრილებზე ინფორმაციას არ ავრცელებენ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 5 იანვარს ქალაქ ალმათში მომიტინგეებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა და აეროპორტი დაიკავეს, რომელიც შემდგომ სამართალდამცავებმა დაიბრუნეს. ნელ-ნელა კი აღდგა ფრენები. რამდენიმე დღის განმავლობაში გათიშული ინტერნეტი, მაგრამ კავშირი ნაწილობრივ უკვე აღდგა. 

პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.

ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.


close დახურვა