პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისთვის 6 პაციენტი რჩება. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
როგორც რატიანმა აღნიშნა, პაციენტი, რომლის მდგომარეობაც ყველაზე მძიმე იყო, გუშინ რეანიმაციულიდან თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენიმე დღეში ის კლინიკას დატოვებს.
„რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 6 პაციენტი. გუშინ გადმოვიყვანეთ ერთი პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში, ქალბატონი, რომელიც ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაზე მძიმე იყო, მართვით სუნთქვაზე მყოფი, შაქრიანი დიაბეტით. ამ ეტაპზე ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია, შეესაბამება მის ქრონიკულ მდგომარეობას და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან“, - განაცხადა რატიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში შეიყვანეს ორსული ქალი, რომლის მდგომარეობა სტაბილურია.
„ასევე გვყავს დადასტურებულია ორსული შემთხვევა, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის სტაბილური. ვიტალური ფუნქციები, როგორც ნაყოფის, ისე დედის, შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, ანუ, გართულებების გარეშეა“, - განაცხადა რატიანმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 593 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.