logo
ENG



რეზნიკოვი: რუსეთი უკრაინაში იმავე სცენარს გეგმავს, რაც საქართველოში გააკეთა

18 თებ 202214:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/18/ihjc9vgcf9znhg9.jpg
TASS

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა უკრაინის ვერხოვნა რადას წინაშე საუბრისას განაცხადა, რომ კრემლი მოქმედებს იმავე სცენარით როგორც ეს საქართველოში 2008 წელს გააკეთა: ეძებს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების საბაბს.

უკრაინული გამოცემა УНИАН-ის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა უკრაინის პარლამენტში დღეს განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან პროვოკაციები არ წყდება და ეს სცენარი ნამდვილად არის ერთ-ერთი, რისი განხორციელებაც განიხილება. 

„პროვოკაციები არ წყდება. კრემლი კვლავ ამზადებს საბაბს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის, იმავე სცენარის მიხედვით, რაც საქართველოში გააკეთა. მიუხედავად იმისა, ამას განახორციელებენ თუ არა, ეს ვარიანტი ნამდვილად განიხილება“ - განაცხადა რეზნიკოვმა

რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ ღამეს საოკუპაციო ძალებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევისთვის ემზადებოდნენ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდასხმის არანაირი მოტივი არ აქვს, რადგან მტერი ის არაა და ოკუპირებულ რეგიონების მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა რომ ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ ძალადობრივ ქმედებას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან ყირიმში. ჩვენ ვიმოქმედებთ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით და არ შევუქმნით საფრთხეს ჩვენს მოქალაქეებს.

მე მივმართავ ლუგანსკის, ალჩევსკის, დონეცკის, გორლოვკას, იასნოვატიისა და სხვა ქალაქების მოსახლეობას: ხალხო, არ შეგეშინდეთ. თქვენი მტერი არაა უკრაინა, არამედ ისინი არიან [მტრები] ვინც თქვენი კედლების უკან იმალებიან. არ დაუჯეროთ ჭორებს უკრაინის მხრიდან შეტევის შესახებ“ - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გამოაცხადა, რომ რუსული მედია ლუგანსკში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შესახებ ფაქტებს განზრახ ამახინჯებდა.

სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსულ მედიაში ცრუ ინფორმაციის გავრცელება რუსეთის ჩვეული სცენარია და ეს მეთოდი საბჭოთა კავშირშიც გამოიყენებოდა.

„რუსეთის ფედერაცია მისი ძირითადი სცენარით მოქმედებს. ის უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და შეთანხმებებს და ცინიკურად ესხმის თავს საბავშვო ბაღსა და სკოლას, შემდეგ კი საინფორმაციო წყაროებს ავსებს ცრუ ინფორმაციით, რომ ეს უკრაინის მხარემ ჩაიდინა. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს საინფორმაციო ტაქტიკა რამდენიმე ათწლეულია რაც გამჟღავნდა, ვინაიდან საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატიც იყენებდა.

ჩვენი საინფორმაციო უპირატესობა არის სიმართლეში, რომელიც ფაქტობრივი მასალით დასტურდება.“ - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 17 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60-ჯერ დაარღვიეს, მათგან 43 შემთხვევაში რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა.

უკრაინის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო და მინიმუმ 5 მოქალაქე დაზარალდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 თებერვალს, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარი პროვოკაციად შეაფასა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ კი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დაგმონ მომხდარი.

ამავე დროს, კრემლი უკრაინას დონბასში "პროვოკაციების გაძლიერებაში" ადანაშაულებს.

დღეს, 18 თებერვლის დილიდან კი უკრაინის სამხედრო სამსახურებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 6 შემთხვევა დააფიქსირეს. მათგან 4 მოიცავდა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღების გამოყენებას.

რუსული საოკუპაციო ძალებმა 5 პუნქტს გაუხსნეს ცეცხლი. უკრაინის ინფორმაციით შემთხვევებს ადამიანური დანაკარგი არ მოჰყოლია.


close დახურვა