მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მსჯავრდებული გიორგი რურუა აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს რუსული გავლენები საქართველოში. ამის შესახებ განცხადება გიორგი რურუას Facebook გვერდზე გავრცელდა:
"შემაშფოთებელია რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავზე ისევ, ყოფნა-არყოფნაზე გვიწევს საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვძირკვოთ რუსული გავლენები საქართველოში და დავდგეთ განვითარების გზაზე, დანარჩენ თავისუფალ სამყაროსთან ერთად. ყველაფერი ჩვენს ხელშია და სიმართლეც ჩვენს მხარეზეა. პატივს მივაგებ ჩვენი გმირი ბიჭებისა და გოგონების ხსოვნას", - წერს ის.
30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველოში სასამართლოს პოლიტიზება გრძელდება და დაინტერესდა, დაიცავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი 8 მარტის შეთანხმებას. ამის მიუხედავად, 31 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ამ პიროვნებას არ შეიწყალებს".