უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციას მობილიზაცია ყოველწლიურად სულ მცირე 1.3 ტრილიონი რუბლი დაუჯდება.
ამასთან, ერმაკის თქმით, რუსეთში დეფიციტი იზრდება, ხოლო სანქციების გამო ბიუჯეტის შევსება ვერ ხერხდება.
"რუსეთის ბიუჯეტს მობილიზაცია ყოველწლიურად სულ მცირე 1.3 ტრილიონი რუბლი დაუჯდება. დეფიციტი იზრდება, სანქციების დამსახურებით ბიუჯეტის შევსება ვერ ხერხდება. სიგიჟე ყოველთვის ძალიან ძვირი ჯდება და კატასტროფული შედეგები მოაქვს გიჟებისთვის", - თქვა ერმაკმა.
***
გუშინ, 21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე, 8 მარტს განაცხადა, რომ ბრძოლებში ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ და არც მომავალში მოხდებოდა რეზერვისტების მობილიზაცია.
„მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ახალწვეული ჯარისკაცები არ მონაწილეობენ შეტაკებებში და არც მომავალში მიიღებენ მონაწილეობას. და არ იქნება დამატებითი რეზერვისტების გამოძახება“ - განაცხადა პუტინმა.
რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Novaya Gazeta.Europe რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სამხედრო მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.
გუშინ, 21 სექტემბერს გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის განკარგულება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის შესახებ. დოკუმენტში მეშვიდე პუნქტის ქვეშ წერია "ოფიციალური გამოყენებისთვის". მოგვიანებით, პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გასაიდუმლოებული პუნქტი მოიცავს ინფორმაციას იმ რეზერვისტების რაოდენობაზე, ვინც სამხედრო სამსახურში შესაძლოა გაიწვიონ.
რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?