საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარი არხის ეთერში მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის და მმართველმა პარტიამ ძალადობაზე პირდაპირი ბრძანება გასცა.
სააკაშვილის თქმით, ქართული ოცნება პანიკაშია და ეს არჩევნების წაგების შიშითაა გამოწვეული.
"მათ არჩევნები წაგებული აქვთ და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის. ქართველი ხალხი ემზადება ქვეყნის დასაბრუნებლად. ეს იცის მმართველმა გუნდმა და რა დარჩენია გარდა ძალადობისა და ტყუილისა. ტყუილსა და ძალადობას ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ერთად არჩევნებზე მისვლით, სხვა გზა მე არ ვიცი. ნიკა მელიას რაც გაუკეთეს გლდანში... ღმერთმა დაიფარა ის ბავშვები. იმავე დღეს ხდება იგივე ბოლნისში და რამდენიმე დღეში მარნეულში, ეს შემთხვევითობა არაა, ამის ბრძანებაა გაცემული. არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. ზუსტად ასე გვიკეთებდა 2003-ში ასლან აბაშიძე. ამან აბაშიძეს და შევარდნაძეს არ უშველა და არც ივანიშვილს უშველის", - განაცხადა სააკაშვილმა.
მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც თავს დაესხნენ, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.