logo
ENG



საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მიუღებელია - გიორგი გახარია

11 მაი 202017:18
3 წუთის საკითხავი
 

8 მარტის შეთანხმებისთვის კითხვის ნიშნის დასმა მიუღებელია პრემიერ მინისტრისთვის. გიორგი გახარიას განცხადებით, მიღწეული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია.

გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს. მისი თქმით, დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვერ გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი.

„საარჩევნო სისტემა, რომელზეც 8 მარტს შეთანხმდნენ, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ხარისხობრივი ცვლილებაა დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომ ამის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის მიუღებელია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ქვეყანაში სისტემაზე შეთანხმება ფუნდამენტური თემაა, რომელზეც მთელი პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს. ამ გადაწყვეტილებებზე ვიღაცა ამბობს, რომ ამ ადამიანების გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების საგანი. ვიღაცა ამბობს, რომ სამართლებრივი საკითხები, რომლებზეც დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეიძლება გახდეს პოლიტიკური შეთანხმების საგანი - ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი. ვერც წარმომიდგენია ადამიანი, ვისაც შეეძლო ამ პასუხისმგებლობის თავზე აღება. ეს კატეგორიულად მიუღებელია და არ მეგულება გუნდში ადამიანი, ვინც შეიძლება ამ განხილვებში შესულიყო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ მომავალი საარჩევნო სიის შესახებაც და განაცხადა, რომ ის ვეღარ იქნება პარტიის სახე.

 

„დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები - ერთხელ ვიყავი უკვე. მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ. ერთხელ ვთქვი უკვე, მაშინ გაზაფხულს ველოდებოდი, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომას დავითვალოთ წიწილები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის:  საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 

მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“ 
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.

ამაასთან, დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. 

ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.  


close დახურვა