logo
ENG



საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის

29 ივნ 202009:30
3 წუთის საკითხავი
clock 486

საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვან კანონპროექტის ჩაგდება და შეასრულონ ოპოზიციასთან დადებული შეთანხმება. 

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრი მარიამ გეგუჩაძე აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმების ორივე პუქტის შესრულება საზოგადოების დაკვეთაა.

„120/30-ის საარჩევნო ცვლილების კენჭისყრა იმართება. რეალურად, 8 მარტის შეთანხმების არც ერთი პუნქტი არაა შესრულებული. 11 საათზე ვიკრიბებით, რადგან კიდევ ერთხელ ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს და მმართველ პარტიას, რომ ორივე პუნქტი საზოგადოების დაკვეთაა - საარჩევნო სისტემის ცვლილებაც და პოლიტპატიმრების გამოშვებაც“, - აცხადებს გეგუჩაძე.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი ნიკა ფარულავა კი აცხადებს, რომ აქტივისტები აქციას პარლამენტის მარჯვენა შესასვლელთან გამართავენ,

„პარლამენტის მარჯვენა შესასვლელთან ვიკრიბებით მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები, რათა დავიცვათ ერის საერთო, სისხლით მონაპოვარი. ჩვენი მოთხოვნაა შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება, რაც გულისხმობს ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ანუ თავისუფლება გიორგი რურუას“, - აღნიშნა ფარულავამ.

8 მარტს ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ორნაწილიანი შეთანხმება გაფორმდა. პირველი ნაწილის თანახმად, საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და პროპორციულს მაქსიმალურად მიუახლოვდეს. კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდეს, ხოლო ბარიერი 1%-ით განისაზღვროს. 

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით  მიიღო. სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენისას კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ხელისუფლებას დრო მისცა, შეესრულებინა 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ. გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა გიორგი რურუა ამ დრომდე ციხეში რჩება.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.

მმართველ გუნდს არა ერთმა, სენატორმა, ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლონ საპატიმროდან.

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ისინი ელიან რურუას გათავისუფლებასაც.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. როგორც „ფორმულასთან“ ინტერვიუში ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ქართული ოცნების ხელისუფლებას ეკისრება.

გარდა ამისა, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შუამავალმა ფასილიტატორმა ელჩებმა ერთობლივი განცხადება გავრცელეს, სადაც ისინი მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა