logo
ENG



საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე: სასამართლომ არ გაითვალისწინა ლაზარეს საქმის კონტექსტი

02 აპრ 202311:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/02/0oo967ukf956bnd.jpg

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი ლაზარე გრიგორიადისისთვის პატიმრობის შეფარდებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის გამოყენებით სასამართლო მხოლოდ ნორმის მშრალად შემფარდებელ ორგანოდ იქცა.

"სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ლაზარეს საქმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი. განსახილველ საქმეზე კონტექსტის გაუთვალისწინებლობა ცალსახად მიუთითებს სასამართლოს მიკერძოებაზე. მოსამართლე ვალდებულია საქმის განხილვა-გადაწყვეტისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ სამართლებრივი მასალა, არამედ ყურადღება უნდა მიაქციოს არასამართლებრივ ცნებებს, რეალობას, რომელიც საქმის კონტექსტთანაა კავშირში", - წერს ის სოციალურ ქსელში.

აქვე კოპალეიშვილი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან ევროინტეგრაციისთვის საფრთხის შემქმნელი რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებით გამოწვეული სამართლიანი პროტესტის მნიშვნელობის გაუთვალისწინებლობა, სასამართლო მართლმსაჯულების მიკერძოებაზე მიუთითებს.

"უხარისხო სასამართლოს აქტზე, რამაც ლაზარეს შემთხვევაში გამოიწვია უსამართლო სასამართლო, დაარღვია მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო გლობალურ ასპექტში, სასამართლო დასცილდა თავისი მოქალაქეების სამართლიან მოთხოვნას, რომლებმაც და, მათ შორის, ლაზარემ, ხელისუფლებას მოსთხოვეს ქვეყნის განვითარების ევროინტეგრაციის კურსის დაცვა და ამ მიზნით მიმართეს მშვიდობიან პროტესტს", - აღნიშნავს ყოფილი მოსამართლე.

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.


close დახურვა