logo
ENG



სამადაშვილი: ხუნდაძის კანონპროექტი აცდენაშია საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკასთან

21 მაი 202016:45
3 წუთის საკითხავი
 
cbazi1mjix3xosb.png

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სალომე სამადაშვილს, დიმიტრი ხუნდაძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მას აინტერესებს, რატომ არ გაიმართა ამ კანონოპროექტზე კონსულტაციები ევროსაბჭოს შესაბამის ორგანოებთან.

მისივე განცხადებით, დიმიტრი ხუნდაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკასთან და საერთაშორისო ნორმებთან არის აცდენაში

„ბატონო დიმიტრი ლოგიკური მსჯელობის შეცდომა დღეს მეორეჯერ დაუშვით, როდესაც თქვენს მიერ წარდგენილ კანონპროექტზე საუბრობდით. ერთხელ თქვით, რომ რადგან პარლამენტი მიიღებს ამ კანონპროექტს ამიტომ ის არაკონსტიტუციური არ იქნება და შემდეგ ჩემ შეკითხვაზე მიპასუხეთ, რომ რადგან მითითება არის, რომ დაიცავს ევროპულ კონვენციას, ამიტომ დაიცავს. ბატონო დიმიტრი, ეს კანონი თავისი შინაარსით არღვევს ევროპულ კონვენციას და ეს მიგითითეთ მე ჩემს პირველ შეკითხვაში. მე ვერ გავიგე რა მიპასუხეთ, რატომ არ გამართეთ კონსულტაციები ევროსაბჭოს შესაბამის ორგანოებთან ამ კანონპროექტზე. 

კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ სტრასბურგის სასამართლოში აღიძრება საქმე ამ კანონის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებზე, სახელმწიფოს და ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ, იმის დროც არ გქონდათ, რომ გადაგეგზავნათ კანონპროექტი ელექტრონულად, მიეღო რეკომენდაცია ამ თემაზე ვენეციის კომისიის ან თუნდაც ექსპერტებს იმისთვის, რომ ჩვენ მოვისმინოთ რას აკეთებს დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ ძალიან მგრძნობიარე საქმეზე. ადამიანის უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, არის უზარმაზარი თემა, რომელზეც არსებობს არამხოლოდ ევროპული სტანდარტები, არამედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. დღეს თქვენ რის მიღებასაც აქ ცდილობთ, არის აცდენაში საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკასთანაც და საერთაშორისო ნორმებთანაც“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრების ახალი ინიციატივის თანახმადახალი ინიციატივით, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით,  საჭიროა გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, თუმცა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით საჭირო აღარ არის. როგორც გახარიამ განმარტა კანონპროექტი არ გულისხმობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

ხუნდაძის ინიციატივას  უარყოფითად აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებს და მათ არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არაკონსტიტუციურია.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ხელისუფლება დიქტატურას ამყარებს და შემოტავაზებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია.

ხელისუფლების მიერ განუსაზღვრელი ძალაუფლების მინიჭებაზე საუბრობს იურისტი ლევან ალაფიშვილიც და აცხადებს, რომ ინიციატივა საკმაოდ სახიფათოა, ვინაიდან ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც ეძლევა შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა.


close დახურვა