გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ენმ-ის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლაზე ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, სტრატეგია კი უცვლელი რჩება - ხელისუფლების შეცვლა.
"ეს არ არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, ეს არის ტაქტიკური გადაწყვეტილება. სტრატეგია ძველი რჩება, ეს არის ხელისუფლების ცვლილება. უბრალოდ ახლა არის ფანჯარა, საშუალება, მექანიზმი, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოხდეს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. რეალური შანსი არსებობს, ოღონდ კარგა გვარიანი მუშაობა დაგვჭირდება მთლიანად ოპოზიციას და საზოგადოებასაც. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება". - თქვა სანიკიძემ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ამის შემდეგ პოლიტიკური ცენტრი პარლამენტში გადაინაცვლებს.
ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება პარტიის პოლიტბსაჭომ მიიღო. ის ნიკა მელიამ გამოაცხადა. პარტიისვე გადაწყვეტილებით, არ აწერენ ხელს შარლ მიშელის შეთანხმებას, ვინაიდან მისი ერთ-ერთი პუნქტი მიუღებელია.
ნაციონალურ მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიმდინარეობდა.
კონსულტაციებზე ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილთანაც ჩავიდა.
თბილისში დაბრუნების შემდეგ მან რეგიონული ტური მოაწყო და როგორც ამბობს, აზრი ამომრჩეველს ჰკითხა.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა. ენმ დატოვა და პარლამენტში შევიდა სალომე სამადაშვილი, ასევე, დეპუტატი გახდა გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის 15 დეკემბერს მიიღო.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, შევიდეს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს.
ენმ-სთვის, მათ შორის, ნიკა მელიასთვისაც მიუღებელია ამნისტიის ნაწილი, რომელიც მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა.
წინადადებაში წერია, რომ "შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს".
2 საქმე გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეებს მოიაზრებდა. რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა, მელია კი ციხიდან ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.