logo
ENG



საპარლამენტო ოპოზიციამ და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა EU-ს პუნქტებზე სამუშაოდ პაკეტი შექმნეს

21 სექ 202213:30
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები ხელისუფლებას ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არასამთავრობოებთან ერთად შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებების პაკეტს სთავაზობენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მთავრობას სთავაზობენ არა ყველა იმ პროექტს, რომელიც სამუშაო ფორმატში შეიმუშავეს, არამედ "იმ ბაზისურ მიდგომებს, რომელიც შეჯერებულია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და რეალისტურია დარჩენილ მოკლე ვადაში შესასრულებლად".

პაკეტში საუბარია დეპოლარიზაციაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების სრულყოფილ მუშაობაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, დეოლიგარქიზაციაზე, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე, მედიის დამოუკიდებლობაზე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღებაში და ა.შ.

"პრინციპულად მიგვაჩნია დეპოლარაზაციის მიმართულებით 19 აპრილის შეთანხმებაში (შარლ მიშელის დოკუმენტი) დაბრუნება და შესრულება, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით მიღება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების დასრულება. ასევე, პრინციპულია საარჩევნო კოდექსის ცვლილება 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით განსაზღვრული ჩარჩოს მიხედვით.

სასამართლოს მიმართულებით ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათანადო კვალიფიკაციის და რეპუტაციის წევრების არჩევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის დაწყება, გასული წლის ბოლოს პარლამენტის მიერ მიღებული დამაზიანებელი რეგულაციების გაუქმება და სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობა. კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით დაინიცირებულია ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. ხოლო მედია მიმართულებით - 5-6 ივლისის საქმის ეფექტური გამოძიება, მედია საშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებების და სასამართლო პროცესების შეწყვეტა, ალტერნატიული წინადადების წარდგენა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.

შესაბამისად, თუ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს რეალურად სურთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, ლოგიკურია გაიზიარონ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილებების მინიმალისტური და კომპრომისული ვარიანტი და არ შეუქმნან საფრთხე ქვეყნისთვის კანდიდატი სტატუსის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტატუსის არმიღების სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს.

ჩვენი ამ ნაბიჯით ერთ მხარეს რჩება ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიული ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები, ხოლო მეორე მხარეს - „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი.

ვთვლით, რომ ევროკავშირის სტატუსის მიღება და შემდგომში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა"- ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ მომზადებული პაკეტი სრულად.

***

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა. 

მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს. 


close დახურვა