აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში აშშ–ის საელჩოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც გადამწყვეტ პოზიციებს არ იკავებენ მოუწოდა რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხის გამო უკრაინა დატოვონ.
"დღეს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიპლომატებს, რომლებიც არ იკავებენ გადამწყვეტ პოზიციებს მოუწოდა დატოვონ კიევში აშშ–ის საელჩო, რუსეთის უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზების შესახებ მუდმივი შეტყობინებების და მნიშვნელოვანი სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობის გამო." – წერს კიევში აშშ–ის საელჩო ტვიტერზე.
Сьогодні @StateDept наказав виїхати з посольства США в Києві дипломатам, які не займають критично важливі посади, через постійні повідомлення про нарощування російських військових на кордоні з Україною, що вказують на можливість значних військових дій.https://t.co/6IgLvEmr8s
სახ.დეპი კიევში აშშ–ის საელჩოს ნაკლებ მნიშნველოვან თანამშრომლებს ადრეც მოუწოდებდა ქვეყანა დაეტოვებინათ, რასაც უკრაინაში ნაადრევად აფასებდნენ.
***
11 თებერვალს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის სრულად მზად არის და უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდეს, ქვეყანა 48 საათში დატოვონ.
აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს, მომდევნო კვირაში ან ორ დღეში დაიწყოს, როცა ვლადიმერ პუტინი შესაბამის ბრძანებას გასცემს.
გუშინ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში მყოფ ბრიტანეთის ოფიციალურ პირებსა და მოქალაქეებს ქვეყნის კომერციული რეისებით დატოვებისკენ მოუწოდა.
გაერთიანებული სამეფო მოქალაქეებს უკრაინაში მოგზაურობისგან თავის შეკავებასაც ურჩევს.
აღსანიშნავია, რომ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს ნიდერლანდები, იაპონია, ლატვია და სამხრეთ კორეაც.
დღეს AP News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ კიევში საელჩოს სრული ევაკუაციის შესახებ განცხადებას აშშ-ის მთავრობა დღეს გააკეთებს. ეს კი იმ ფონზე როცა დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ იანვარში კიევში საელჩოს ამერიკელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხის გამო უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ განცხადების მიხედვით არაძირითად პერსონალს ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეეძლო.
თებრვლის დასაწყისში კი სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.
ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა დაამტკიცა პენტაგონის გეგმა, რომელიც ამერიკელი სამხედროების პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში მყოფ ათასობით ამერიკელს ევაკუაციაში დაეხმარონ.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯით ცდილობს თავიდან აიცილოს ის ქაოსური ევაკუაცია, რაც აგვისტოში ავღანეთის შემთხვევაში მოხდა.
დღეს РИА Новости-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.
გამოცემას წყარო უყვება, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირების ევაკუაციის შემდეგ მოსკოვმაც გადაწყვიტა იმავენაირად იმოქმედოს.