logo
ENG



სიტუაცია შეიძლება განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი, დარჩით სახლში - სოლოღაშვილი

16 აპრ 202010:37
3 წუთის საკითხავი
 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს. 

სოლოღაშვილის თქმით, მოსახლეობამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა უფრო უნდა აიმაღლოს და რეკომენდაციები დაიცვას. 

"ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. ყველაფერი შეიძლება განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი - არც პერსონალი, არც ეკიპირება, არც ადგილები და დავდგეთ სერიოზული პრობლემის წინაშე. თუ ჩვენ ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას ყველაფერი გადაივლის გართულების გარეშე", - აღნიშნა სოლოღაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ. 

რაც შეეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. 

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. 


close დახურვა