logo
ENG



ტიკარაძე: მანქანების გადაადგილების შეზღუდვა ვერ შეაფერხებს ტაძარში მისვლას

17 აპრ 202011:08
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარიძემ ქვეყანაში შემოღებულ ახალ შეზღუდვებზე ისაუბრა და თქვა, რომ  ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა  ეკლესიებში მრევლის მისვლასთან არანაირ კავშირში არ არის. 

ტიკარაძის თქმით, ახალი რეგულაციებით მთავრობა ცდილობს ხალხს სოციალური დისტანცირების მნიშვნელობა დაანახოს.

„თუ ჩვენ დავაკვირდებით ჩვენი ტაძრების გეოგრაფიულ გადანაწილებას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, დავინახავთ, რომ მანქანების გადაადგილება ვერ შეაფერხებს ტაძარში მისვლას. ამ ორ ფაქტს შორის კავშირი არ არის. ეს არის უბრალოდ გამკაცრებული ღონისძიება, რათა ჩვენს მოქალაქეებს დავანახოთ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სოციალური დისტანცირების დაცვას“, - აცხადებს ტიკარაძე.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 370 -მდე გაიზარდა , აქედან 77 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.გარდა ამისა, 21 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი მანქანებით გადაადგილება. 10 დღით დაიკეტა სასაფლაოებიც.

close დახურვა