logo
ENG



უდუმაშვილი ხაზარაძის ინიციატივაზე: დროული იყო, მკვეთრი შეფასება უნდა მიეცეს იმას, რაც ხდება

23 ივნ 202115:47
3 წუთის საკითხავი
 

ზაალ უდუმაშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, 19 აპრილის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, დროულს უწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიციამ ცალსახა პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა გადაცემა კომენტარში განმარტა, რომ პარლამენტის დატოვების შესახებ ის ამ ეტაპზე კონკრეტულ განცხადებას ვერ გააკეთებს, რადგან მსგავს საკითხებზე პარტია ერთიან ფორმატში მსჯელობს და ამის შემდეგ აფიქსირებს პოზიციას.

„ეს არაა ის საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო ან პარტიის რომელიმე წევრმა ინდივიდუალურად, ამაზე პარტია უნდა ჩამოყალიბდეს. ხაზარაძის გამოსვლა იყო დროული. ვინც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, მათთვის ეს მნიშვნელოვანია. ქართულმა ოცნებამ მოატყუა ოპოზიცია, საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორებიც, მათ შორის, ევროკავშირი და აშშ, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულები.

დროული იყო იმიტომ, რომ უნდა მივცეთ ძალიან მკვეთრი შეფასება იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მართლმსაჯულების კუთხით და განსაკუთრებით იმ ოპოციურმა პარტიებმა, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს - ჩვენგან იქნება მთავარი სიგნალი, რომ არ ვაპირებთ შევეგუოთ თავგასულობას ქართული ოცნებისას, რომელსაც დღეს აქვს ადგილი", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე  ფრაქციის სახელით ინიციატივით გამოვიდა - თუ ქართული ოცნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს.

მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ ჩერდება. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 23 ივნისს პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის შესაძლო გათეთრების საქმეზე სასამართლო 2 ივლისს ჩაინიშნა. ხაზარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება მართლმსაჯულებას ისევ ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით. 

დეგნანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას გამჭვირვალე რეფორმების ჩატარებამდე.

მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გიორგი გოგიაშვილი
  • გოჩა აბუსერიძე
  • ლევან თევზაძე
  • ქეთევან მესხიშვილი
  • გიორგი შავლიაშვილი
  • რევაზ ნადარაია
  • ბიძინა სტურუა
  • ეკა ზარნაძე
  • ლაშა ქოჩიაშვილი

კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. 

​ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.

ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა