უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ირანი რუსეთს ჯავშანჟილეტებსა და ჩაფხუტებს გადასცემს, ასევე გაგზავნის მრჩევლებს, რომლებიც რუსულ ჯარს ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენებაში დაეხმარება.
დაზვერვაში ამბობენ, რომ ჯავშანჟილეტებსა და ჩაფხუტებს ახლად მობილიზებულებისთვის გზავნიან.
დაზვერვის ცნობით, ირანული ამუნიციის გამოყენების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც რუსეთმა ვეღარ შეძლო მისი დამზადება, ამიტომ შესყიდვის საკითხი დადგა.
"უახლოეს პერიოდში დაგეგმილია 1 500 ჯავშანჟილეტის და 1 500 ჩაფხუტის გადაცემა. ამ დროისთვის ირანული ამუნიცია არის ბელგოროდის ოლქის მესამე მოტომსროლელთა დივიზიის საწყობში. ასევე ირანის ხელისუფლება გეგმავს გაგზავნოს მრჩევლები, რომლებიც რუს სამხედროებს ახალი მოდელის ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენებას ასწავლის. ესეც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი", - აცხადებენ უკრაინის დაზვერვაში.
ოფიციალური თეირანი გავრცელებულ ინფორმაციას ამუნიციისა და მრჩევლების გაგზავნის შესახებ უარყოფს. შესაბამისი განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნასერ კანანიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ "ეს ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება".
***
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, შესაძლოა, რუსეთმა ირანთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რაც ირანული Arash-2 ტიპის დრონების მიწოდებას ითვალისწინებს, თუმცა თავის მხრივ ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".
ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კიევზე იერიში მიიტანა. მოსკოვმა თავდასხმების დროს ირანული კამიკაძე დრონები გამოიყენა - შეტევების დროს ათობით ადამიანი დაიღუპა.
20 ოქტომბერს ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების გადაცემის გამო, სანქციები დაუწესა.
22 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ირანი "რუსეთს დრონებით ამარაგებს, არსებობს ათასობით შეთანხმება და შეკვეთა".