უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერის, სერჰიი ჩერევატის თქმით, რუს სამხედროებს სოლედარი არ დაუკავებიათ და ქალაქზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს.
ამის შესახებ ჩერევატიმ უკრაინულ გამოცემა РБК-Украина-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„არა, ეს არაა სიმართლე. ქალაქში შეტაკებები მიმდინარეობს“ - განაცხადა ჩერევატიმ რუსეთის განცხადებასთან დაკავშირებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელს დამატებითი დეტალებზე არ უსაუბრია, რის მიზეზადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები დაასახელა.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქი სოლედარი აიღეს. უწყების მტკიცებით, რუსულმა ძალებმა ქალაქის "გათავისუფლება" 12 იანვრის საღამოს დაასრულეს.
"12 იანვრის საღამოს ქალაქ სოლედარის გათავისუფლება დასრულდა, რაც მნიშვნელოვანია დონეცკის მიმართულებით წარმატებული შეტევითი ოპერაციის გასაგრძელებლად", - აცხადებენ სამინისტროში.
დღეს ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა, რომ რუსული ძალები სოლედარის მთლიან ტერიტორიას თუ არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც აკონტროლებდნენ.
9 იანვარს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსებმა სოლედარზე ახალი ძლიერი შეტევა დაიწყეს. ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, ვაგნერის ჯგუფმა კონცენტრირება სოლედარზე მოახდინა, სადაც მათი თქმით, ყველაზე დიდი საბრძოლო მზადყოფნაა.
11 იანვარს, რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა, განაცხადა მისმა ძალებმა დაასრულეს უკრაინის ქალაქ სოლედარის აღება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის მიმართულების სარდლობის პრესატაშემ, სერხი ჩერევატიმ კი რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ქალაქ სოლედარს ოკუპანტები არ აკონტროლებენ.
11 იანვარს საღამოს CNN-მა უკრაინაში, სოლედარის სიახლოვეს მყოფ გადამღებ ჯგუფზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარში იბრძვიან და მათი უკან დახევის ნიშნები არ იყო.
ასევე 11 იანვარს ღამით რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მფლობელმა, ევგენი პრიგოჟინმა მორიგი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ რუსეთმა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარზე სრული კონტროლი დაამყარა.
12 იანვარს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ სოლედარის რეგიონში სასტიკი და მძიმე ბრძოლები მიდის.
მისი თქმით, ქალაქის მისადგომები ფაქტობრივად სავსეა პუტინის მიერ მოკლული სამხედროების ცხედრებით. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელი დამცველები მაქსიმალურ გამძლეობას და გმირობას აჩვენებენ.
12 იანვარს კომპანია Maxar Technologies-მა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა.
კომპანიამ ნგრევის მასშტაბის შესადარებლად, ორი ფოტო გამოაქვეყნა, პირველი 2022 წლის 1-ელ აგვისტოსაა გადაღებული, მეორე კი - 2023 წლის 10 იანვარს, სადაც ჩანს, რომ საცხოვრებელი სახლები განადგურებულია.