#უკრაინისთვის - 19 თებერვალს, შაბათს მოძრაობა სირცხვილიასა და ოპოზიციური პარტიების ორგანიზაციებით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გაიმართება.
აქცია 15:00 საათზე დაიწყება.
"დღეს უკრაინა რუსეთის მორიგი აგრესიის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც საფუძვლად რუსეთის იმპერიალისტური სურვილი უდევს - არ დაუშვას თავისი მეზობლების დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ და საქართველომ სამუდამოდ თქვან უარი ნატოში ინტეგრაციაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორი სახელმწიფოს განუყოფელ ბედს.
ჩვენი ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მომავალი ათწუეულების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ბედს, საქართველოს ხელისუფლება დუმილს ამჯობინებს, რუსეთს აგრესორად არ აღიარებს და როგორც ირაკლი კობახიძისგან გავიგეთ, "ამ ეტაპზე" საჭიროდაც არ მიიჩნევს, კიევში ჩავიდეს და მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინელ ერს.
თუ თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინა დამარცხდება, რუსეთი აუცილებლად ეცდება საქართველოს ბოლომდე დამორჩლებას. უკრაინელებს, რომლებიც აფხაზეთის ომში საქართველოსთვის იბრძოდნენ, ესმოდათ, რომ შემდეგი უკრაინა იქნებოდა. ასევე ქართველებს, რომლებიც დონბასში ომობენ, ესმით, რომ უკრაინაში წყდება საქართველოს ბედიც. დღეს ჩვენი სიჩუმე დანაშაულია, მეტიც ჩვენი ხელისუფლების სიჩუმე რუსეთთან თამანონაწილეობის ტოლფასია.
გავაგებინოთ უკრაინელებს და მსოფლიოს, რომ ქართველები მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით! გავაგებინოთ საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებას, რომ მათი უმოქმედობა ისტორიული #სირცხვილია!" - ნათქვამია განცხადებაში.
11 თებერვალს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის სრულად მზად არის. აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს, მომდევნო კვირაში ან ორ დღეში დაიწყოს, როცა ვლადიმერ პუტინი შესაბამის ბრძანებას გასცემს.
აშშ-მა რამდენჯერმე მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, ქვეყანა დატოვონ. მსგავსი მოწოდება გააკეთა არაერთმა ქვეყანამ.
12 თებერვალს AP News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ კიევში საელჩოს სრული ევაკუაციის შესახებ განცხადებას აშშ-ის მთავრობა დღეს გააკეთებს. ეს კი იმ ფონზე როცა დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გარდაუვალია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ იანვარში კიევში საელჩოს ამერიკელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხის გამო უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ განცხადების მიხედვით არაძირითად პერსონალს ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეეძლო.
თებრვლის დასაწყისში კი სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.
ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა დაამტკიცა პენტაგონის გეგმა, რომელიც ამერიკელი სამხედროების პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში მყოფ ათასობით ამერიკელს ევაკუაციაში დაეხმარონ.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯით ცდილობს თავიდან აიცილოს ის ქაოსური ევაკუაცია, რაც აგვისტოში ავღანეთის შემთხვევაში მოხდა.
РИА Новости-მ 12 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.
გამოცემას წყარო უყვება, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირების ევაკუაციის შემდეგ მოსკოვმაც გადაწყვიტა იმავენაირად იმოქმედოს.