ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის სახალხო დამცველის მიხეილ სააკაშვილთან არშეშვებაზე ამბობს, "საქართველო არ არის ვიღაცის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა".
"უკრაინის დეპუტატი იქნება თუ სახალხო დამცველი, კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის ადვილად არ უნდა გამოვაყენებინოთ. მან უნდა მიმართოს სახელმწიფოს და შესაბამისი პროცედურები უნდა გაიაროს და პატივისცემა უნდა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ". - თქვა მან.
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. ის საქართველოში გუშინ, 15 ნოემბერს ჩამოვიდა. მან იუსტიციის მინისტრს შესვლის თხოვნით გუშინვე მიმართა.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, "პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, უარი ეთქვათ".
მისივე განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალდებულება არ აქვთ.
13 ნოემბერს სააკაშვილთან არ შეუშვეს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ორი ლიეტუველი დეპუტატი.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. იმისთვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია რთული პროცესია, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.
ექიმები და სახალხო დამცველი ამბობენ, რომ გლდანის მე-18 ციხის დაწესებულება არ არის სათანადოდ აღჭურვილი. ამასთან, თავად პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში 585 პატიმარი გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს რუსთავისა და ზუგიდიდის საკრებულოს წევრებმა.