logo
ENG



ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მოქალაქეები ატირაუში გაფრენას ვერ ახერხებენ

06 იან 202212:13
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთის მოქალაქეები ქალაქ ატირაუში გაფრენას ვერ ახერხებენ. მათი რეისი რამდენჯერმე გადაიდო.

როგორც ცნობილია, ავიაკომპანია FlyArystan ყაზახეთიდან გამოფრენას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავი ქუთაისში ხვალ 12 საათზე დაჯდება.

აეროპორტების გაერთიანებაში ფორმულას უთხრეს, რომ მათი მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არის და ყაზახეთიდან თვითმფრინავის გამოფრენას ელოდებიან.

აეროპორტში შეყოვნებული მგზავრები ამბობენ, რომ ინფორმაცია არ აქვთ და ელოდებიან, როდის მოახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.

"არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ სახლში დაბრუნება მინდა. ჯერჯერობთ არაფერს გვეუბნებიან, რატომ ვერ ვბრუნდებით...

ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები მელოდებიან, არაფრის მეშინია, მხოლოდ მინდა, ჩემს სამშობლოში დავბრუნდე, მაგრამ ვერაფერს გვეუბნებიან", - ამბობენ მგზავრები.

ქუთაისის აეროპორტიდან ატირაუს მიმართულებით ფრენა დილის 09:55 საათზე უნდა შესრულებულიყო. ყაზახეთში აერულობის გამო რამდენიმე რეისი გაუქმდა თბილისის აეროპორტიდან.

ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გუშინ, 5 იანვარს მთელი დღის განმავლობაში ყაზახეთის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდებოდა. ქალაქ ალმათში მომიტინგეებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა და აეროპორტი დაიკავეს. ქვეყნები ყაზახეთის მიმართულებით რეისებს აუქმებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი გაითიშა ინტერნეტი

პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.

ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.

 


close დახურვა