თბილისის ინფექციური საავადამყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია მოსახლეობას რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ გავრცელება კონტროლირებადი იქნება და ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად არ გაიზრდება, პრობლემის დაძლევა შესაძლებელი იქნება.
„თუ ასეთი ზომიერ, კონტროლირებადი გავრცელება გაგრძელდება და მეტი არა, ჩვენთვის ალბათ დასაძლევი პრობლემაა. ყველა შეზღუდვა, რაც არის ქვეყანაში გამოცხადებული და დაკანონმებული, უნდა დავიცვათ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით ვირუსი უკვე 336-ე ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 462, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 74-ს შეადგენს. კორონავირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.