თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში ხარვეზების არსებობაზე მიუთითებს.
როგორც მწარიაშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქმის მიმდინარეობაზე განმარტებებს კონკრეტული პროკურორი უნდა აკეთებდეს, თუმცა ამ დრომდე არავინ იცის, ვინ ხელმძღვანელობს გამოძიებას.
„გამოძიების ორგანო ვერტიკალურ დაქვემდებარებაში არის პროკურატურასთან. პროკურატურა გახლავთ საპროცესო ხელმძღვანელი. კონკრეტული პროკურორი უნდა გესაუბრებოდეთ ამ საქმეზე. იმის გამო, რომ არ მოხდა ხორავას საქმეშიც პერსონიფიცირება, ასეთი გადღაბნილი პასუხისმგებლობის სურათი მივიღეთ. ვუსმინეთ რაღაც დანაყოფების ხელმძღვანელებს და ვერავინ გაიგო ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი. ამ საქმეზე ვინ არის გამოძიების პატრონი არავინ იცის. ჩვენ უნდა გვითხრან სადამდე მივიდნენ, რა დაადგინეს. გვყავს 17 დაკავებული, მაგრამ ეს 17 დაკავებულიც ჩემთვის, როგორც დამკვირვებლისთვის, გახლავთ იგივე სპეცეფექტების ნაწილი, რომ სახელმწიფომ სხვა ვერაფერი გვითხრა და თქვა, რომ აი 17 კაცი დავაკავე“, - განაცხადა მწარიაშვილმა.
რაც შეეხება შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებას, ყოფილი პროკურორი ამბობს, რომ ამაზე გამოძიება არ მიმდინარეობს. მისი განმარტებით, ამ დროისთვის საგამოძიებო უწყება მომხდარს უბედურ შემთხვევად განიხილავს.
„ამ ბავშვის გარდაცვალების გარემოებაზე გამოძიება არ მიმდინარეობს. გამოძიება რაზეც მიმდინარეობს ის კვალიფიკაციები გახლავთ სხვა და ის არ მოიცავს ადამიანის გარდაცვალებას. თუ აქ დაიწყებდნენ დამატებითი კვლაფიციკაციით გამოძიებას, უფრო მძიმე მუხლებით უნდა დაეწყოთ, რომელიც სიცოცხლის მოსპობას უკავშირდება და არა თვითმკვლელობამდე მიყვანას. გამოძიება ამ ამბავს სამართლებრივი კვალიფიკაციის თვალსაზრისით უყურებს როგორც უბედურ შემთხვევას. თუ გავშიფრავთ გამოძიების მოქმედებას, ეს ასეა. გამოძიება თვლის, რომ მას არ აქვს ის ცოდნა და ინფორმაცია, რაც მისცემდა ამის შეფასების საშუალებას, ამიტომ ეძახის უბედურ შემთხვევას“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
რაც შეეხება საქმეზე 17 პირის დაკავებას, მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ყველა მათგანის შემთხვევაში ერთნაირი დაკავების საფუძველი არსებობდეს.
„რომ გითხრათ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ გავარკვევთ, გარდაცვალება რამ გამოიწვია, მოგატყუებთ. უფრო მგონია, რომ გამოძიებამ აიღო ეს სტრატეგია - „აი 17 ადამიანი დავაკავე“. თუმცა, მეორე ამბავი ისაა, რომ ამ 17-დან რაღაც რაოდენობა სწორედ ამ პოპულიზმის მსხვერპლი შეიძლება იყოს. როგორ შეიძლება 17-ვეს შემთხვევაში ერთნაირი დაკავების საფუძველი არსებობდეს და სასამართლომ ერთი ხელის დარტყმით ყველა შეყაროს ციხეში“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.