გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში სასამართლოში გაასაჩივრებენ.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება უკანონოდ მიიღო და მას ამის საფუძველი არ ჰქონდა.
"გვაქვს გასაჩივრების საფუძველი იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არ დევს საკმარისი მტკიცებულებები, იმისთვის, რომ სასამართლოს ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მიეღო და პატიმრობა შეეფარდებინათ.
ორივე დაცვის ქვეშ მყოფმა მაქსიმალურად ითანამშრომლა გამოძიებასთან. არ უნდა გამოცემულიყო არც განჩინება დაკავებასთან დაკავშირებით და არც პატიმრობა უნდა შეეფარდათ", - ამბობს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გარდა ამისა, უწყებამ შაქარასვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.
დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი.
შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.