logo
ENG



შაქარაშვილის საქმის პროკურორი - 11-ვე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას მოვითხოვთ

27 ივლ 202011:21
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს. ამის შესახებ საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაკავებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

„11-ვე ბრალდებულის მიმართ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას. ამ პირების მიმართ, ისევე როგორ სხვა დანარჩენი პირების მიმართ, არსებობს უამრავი არგუმენტი, რომ იყვნენ პატიმრობაში. არგუმენტები არის ის, რომ მიმალვის საფრთხეები არსებობს, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები და ასევე, მტკიცებულებების განადგურების რეალური საფრთხე, იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. მათ მიერ წინასწარ მიცემული ინფორმაცია არ შეესაბამება საქმეში არსებულ მასალებს და ასე შემდეგ. უამრავი გარემოებაა, რომელიც საფუძველი გახდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე და დღესაც მიგვაჩნია, რომ ეს საფუძვლები არსებობს“,-განაცხადა პროკურორმა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მათთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გადასინჯვა მოხდება. ბრალდებულების ადვოკატები პროცესზე მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის საფუძველზეც შეიძლება რომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა ძალაში დარჩეს.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 28 ივნისს 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.


close დახურვა