logo
ENG



შსს-ს მაღალჩინოსანი ადასტურებს, რომ შაქარაშვილის საქმის მოწმე იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია

03 ივლ 202021:40
3 წუთის საკითხავი
 
aywntihdi54zmlx.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია.

გიორგობიანის თქმით, ბრეგვაძე აღნიშნულ საქმეში დაზარალებულია. მისი თქმით, ის ერთადერთი იყო, ვინც მომხდარის გამო პოლიცია გამოიძახა.

„პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს.

ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას.

იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი.

ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რისი გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი.

არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია! დარწმუნებული ვარ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს”, - წერს ნინო გიორგობიანი.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა