შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
სტატისტიკის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების ნაკადი საქართველოში განსაკუთრებით გასული წლის ივნისიდან გაიზარდა, თუმცა საერთო, ყოველთვიურმა მაჩვენებელმა მას შემდეგ იმატა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამავე სტატისტიკით ირკვევა, რომ 2021 წელს საქართველოს საზღვარი ჯამში რუსეთის 292 512-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შსს-ს 2022 წლის სტატისტიკა:
- იანვარი - რუსეთის 27 292 მოქალაქე; 2021 წელს - 2 564. მატება + 964%
- თებერვალი - 26 702; 2021 წელს - 3 594, მატება + 643%
- მარტი - 45 068; 2021 წელს - 8 508, მატება +430%
- აპრილი - 48 797; 2021 წელს - 12 558, მატება + 289%
- მაისი - 69 772; 2021 წელს - 13 913, მატება + 401%
- ივნისი - 135 457; 2021 წელს - 30 783, მატება + 340%
- ივლისი - 236 734; 2021 წელს - 44 280, მატება + 435%
- აგვისტო - 260 810; 2021 წელს - 46 355, მატება +475%
- სექტემბერი - 222 274; 2021 წელს - 36 407, მატება +511%
- ოქტომბერი - 133 640; 2021 წელს - 33 958, მატება + 294%
- ნოემბერი - 121 454, 2021 წელს - 27 186, მატება + 347%
- დეკემბერი - 131 546, 2021 წელს - 32 406, მატება +306%
საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.
27 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობდა, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ყოველთვის შემოდიოდნენ და მისთვის გაუგებარი იყო, რატომ უნდა ჩაკეტილიყო მათთვის საზღვარი.
"მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ბოლო 5 დღის შემდეგ იყო 5 000 - 5 500 ადამიანი, გუშინ წინ იყო 11 200 და გუშინ იყო 10 500-მდე. ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები წლებია დადიან საქართველოში და დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური? ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და ღვინოს ურიგებდა რუსებს, რომ შემობრძანდით, თქვენ რა შუაში ხართო... მაშინ არ გახსენდებოდათ? მოქალაქეები შემოდიოდნენ რუსეთის ყოველთვის და ახლა დავკეტოთ [საზღვარი] დღეს?", - აცხადებდა შს მინისტრი.
ამასთან, 2 ოქტომბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებდა, რომ "ბოლო დღეებში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად შემცირდა".
ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი ნაკადის ფონზე განცხადებებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც აკეთებდა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიურ განწყობას ანტისემიტიზმს ადარებდა.
"თუ ვინმეს აქვს რუსეთის მოქალაქის მიმართ და რუსი ეროვნების ადამიანის მიმართ აქვს ნეგატიური განწყობა როგორც ასეთი ესაა ქსენოფობიისა და შოვინიზმის კლასიკური გაგება. რაც ხდებოდა 40-იანი წლების გერმანიაში, ებრაელი რომ იყო, უკვე არ უყვარდათ, ეზიზღებოდათ. იგივეა, აბსოლუტურად იგივეა. მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც 142 მილიონ ადამიანს აცხადებ ცუდად, ეს არის გოიმობა", - თქვა კობახიძემ 5 აგვისტოს.
კობახიძე ასევე ირწმუნებოდა, რომ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა ქართველია.
"საქართველოში წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას. გარდა ამისა, საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია", - ამბობდა კობახიძე.
რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას აქტიურად ითხოვდა ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება. ამ მოთხოვნით პეტიციაც გავრცელდა, რომელსაც რამდენიმე საათში 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.