Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის ფეისბუქის და ინსტაგრამის ანგარიშებს მანამ არ აღადგენს, სანამ ძალაუფლება ოფიციალურად ახალ ადმინისტრაციას არ ჩაბარდება, რადგან, მისი თქმით, მოქმედი პრეზიდენტისთვის ონლაინპლატფორმაზე წვდომის აღდგენა "უზარმაზარ რისკებს" შეიცავს.
Facebook-მა და Instagram-მა დონალდ ტრამპის ანგარიშები მას შემდეგ გააუქმა, რაც კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც კვლავ გაიმეორა არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებები და მხარდამჭერებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა.
ცუკერბერგის თქმით, ვიდეომიმართვა ძალადობის გმობის ნაცვლად, ძალადობის მიტევებას ისახავდა მიზნად, რაც, მისი შეფასებით, შემდგომ ძალადობას წაახალისებდა.
ცუკერბერგი განმარტავს, რომ Facebook აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს წლების განმავლობაში სთავაზობდა პლატფორმას საკუთარ მხარდამჭერებთან კომუნიკაციისთვის, მიუხედავად მისი მრავალმხრივი სადავო განცხადებებისა, რადგან, მისი თქმით, სჯერა, რომ მოსახლეობას ყველა ტიპის პოლიტიკურ კონტენტთან უნდა ჰქონდეს წვდომა.
"თუმცა ამჟამინდელი კონტექსტი ფუნდამენტურად განსხვავებულია, რადგან ის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ ძალადობისა და ჯანყის წახალისების მიზნით პლატფორმის გამოყენებას გულისხმობს", - ამბობს ცუკერბერგი.
რისკების შეფასების საფუძველზე, Facebook-ის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, განუსაზღვრელი ვადით გაეუქმებინა ტრამპის ანგარიში, მინიმუმ მანამდე, სანამ ხელუსუფლებას ბაიდენის ადმინისტრაცია ოფიციალურად არ გადაიბარებს, რასაც 2 კვირა მაინც დასჭირდება.
"გვჯერა, რომ პრეზიდენტისთვის ჩვენი მომსახურებით სარგებლობის უფლების მიცემა უკიდურესად დიდ რისკებს შეიცავს", - განაცხადა ცუკერბერგმა.
Facebook-ის და Instagram-ის გარდა ტრამპის ანგარიში დროებით Twitter-მაც გააუქმა. ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ წესების ხელახალი დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, მოქმედი პრეზიდენტის ანგარიში სამუდამოდ გააუქმონ.
ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში გუშინ შუადღისას შეიჭრნენ და ორპალატიანი სხდომის ჩაშლა სცადეს, რომელზეც კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემოწმებინა. შენობაზე განხორციელებული შტურმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე სამართალდამცავი კი მძიმედ დაშავდა. არმიამ კი სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია გაგზავნა.
შენობაში შეჭრის შემდეგ კაპიტოლიუმში ლოკდაუნი გამოცხადდა, სენატორები და კონგრესმენები უსაფრთხოების მიზნით თავიანთ კაბინეტებში იმყოფებოდნენ, ვაშინგტონის მერმა კი ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა შენობაში ხელნაკეთი ბომბი გაანეიტრალეს, რომელიც აფეთქების რეალურ რისკებს შეიცავდა.
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის მხარდამჭერების მიერ მოწყობილი არეულობიდან რამდენიმე საათში მუშაობა განაახლა. სხდომა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გახსნა. პენსის თქმით, თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს ძალადობაზე.
შტურმამდე სენატორებსა და კონგრესმენებს შორის მწვავე დებატები მიმდინარეობდა. რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებლის საპირისპირო პოზიციის მიუხედავად, ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ლეგიტიმურად არ გაუმარჯვია.
საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მოყოლებული თავად პრეზიდენტი ტრამპი უკვე მე-10 კვირაა ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ყველა სასამართლო ინსტანციამ, მათ შორის, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში უმეტესად კონსერვატორი მოსამართლეებით დაკომპლექტდა, ტრამპის კამპანიის არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სხდომის თავმჯდომარემ მაიკ პენსმა ტრამპის მომხრეების პოზიციის საპირისპიროდ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების რატიფიცირების პროცესს ხელს არ შეუშლიდა. სენატში რესპუბლიკელების თავმჯდომარის მიჩ მაკონალის თქმით კი, ამომრჩეველთა ნების უგულებელყოფა რესპუბლიკას სამუდამოდ დააზიანებს. თუმცა რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი ტრამპის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ ბაიდენის გამარჯვების დამოწმების პროცესს ხელს შეუშლის.
თავად პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც მომიტინგეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას და მის მხარდამჭერებს არჩევნები მოპარეს.
შემდეგ Twitter-ის პოსტში კი ტრამპმა განაცხადა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში მომიტინგეთა შეჭრა სწორედ პატრიოტი ამერიკელებისთვის არჩევნების გაყალბების შედეგია.
შენობაში დემონსტრანტების შეჭრის მიუხედავად, კონგრესის ორივე პალატამ სხდომის განახლების შემდეგ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად მაინც დაამოწმა.
5 იანვარს გამოქვეყნდა სკანდალური ჩანაწერი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტსა და ჯორჯიას შტატის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგერს შორის, რომელიც შტატის საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენელია, რომელშიც ტრამპი რესპუბლიკელი მაღალჩინოსნის იძულებას ცდილობდა, რათა შტატის ადმინისტრაციას ხმები ხელახლა გადაეთვალა.
ტრამპი რაფენსპერგერისგან მოითხოვდა, გადათვლისას იმ რაოდენობის ხმები ეპოვნათ, რამდენიც რესპუბლიკელ კანდიდატს შტატში გასამარჯვებლად სჭირდებოდა. სამართლის ექსპერტების მოსაზრებით, სატელეფონო ჩანაწერი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და რესპუბლიკელების ნაწილი სამი თვეა აშშ-ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება, თეთრი სახლის ადმინისტრაციას კი ტრანზიციის პროცესი უკვე დაწყებული აქვს.