logo
ENG



ძალადობრივი ჯგუფის თავდასხმის შემდეგ, გირჩის ბანაკს ტრიბუნიდან თავს პრემიერიც დაესხა

30 ივნ 202313:01
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ზურა ჯაფარიძეს და გირჩი -მეტი თავისუფლების ბანაკს ტრიბუნიდან თავს დაესხა და "ანტიეროვნული" უწოდა.

გამოსვლისას ღარიბაშვილი საუბრობდა თავდაცვის კოდექსში ცვლილებებზე, მათ შორის სამხედრო სამსახურში გაწვევის რეგულირების კუთხით და განაცხადა, რომ იმედი აქვს, პარლამენტი მალე მიიღებს ამ კოდექსს.

აქვე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ფონზე ოპოზიცია "ანტიეროვნულ საქმეს აკეთებს" და ახსენა ზურაბ ჯაფარიძე, ვინც, მისი თქმით, "ჩართული იყო და ჩართულია ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის საქმეში".

"აქაც წარმოიდგინეთ, რამდენად ანტიეროვნული საქმე ჩაიდინა ჩვენმა ოპოზიციამ. მათი სატელიტი ბატონი ზურა გირჩი პირდაპირ ჩართული იყო და არის ჩართული ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანის საქმეში. 10 000-ზე მეტ ადამიანს გზა აუბნიეს, დააბნიეს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა განაცხადა, რომ ჯარში გაწვევის საკითხის დარეგულირება მნიშვნელოვანია, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი ჯარის გაძლიერებაა, მეორე მხრივ კი ოპოზიცია, ღარიბაშვილის თქმით, "სამარცხვინოდ იქცევა".

აქაც ღარიბაშვილმა მიანიშნა ზურაბ ჯაფარიძეზე, რომელსაც "სამარცხვინო" უწოდა და გირჩი - მეტი თავისუფლების ბანაკზე, სადაც, მისი აზრით, "პატრიოტიზმზე საუბარი ფარისევლობაა".

"თქვენ გახსოვთ, ყველაზე სამარცხვინო ალბათ ჩვენი უახლოესი ისტორიის მანძილზე სამარცხვინო ქმედება, რომელიც მათ [ოპოზიციამ] ჩაიდინეს, როცა საოკუპაციო ხაზთან დადგნენ, არ მინდა გავიმეორო, შარვალჩახდილები. და შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან, გველაპარაკებიან პატრიოტიზმზე, შექმნეს ბანაკები და ელაპარაკებიან ადამიანებს იარაღის გამოყენებაზე. გესმით რამხელა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე? რამხელა, ბოდიში და, სიბინძურესთან გვაქვს საქმე?" - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დაწყებული აქვთ ჯარის ბანაკების ორგანიზება, და მათი მიზანია, მეტი ახალგაზრდა ჩართონ ამ და არა გირჩი - მეტი თავისუფლების ბანაკებში, რომელსაც პრემიერმა კიდევ ერთხელ უწოდა "ანტიეროვნული"

"ასევე ჩვენ დაწყებული გვაქვს ჯარის ბანაკები. გვინდა რომ უფრო მეტი სკოლის მოსწავლე, სტუდენტები ჩავრთოთ ჯარის ბანაკებში, არა გირჩის ბანაკებში, ზურა გირჩის ბანაკებში და აი იმ ანტიეროვნულ ბანაკებში, არამედ რეალურად ჩვენი ქვეყნის საამაყო ბანაკებში" – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, განათლების სისტემაში ამ თემის "აქტიურად ინტეგრირება ხდება" და მისი აზრით, აუცილებელია, სკოლაში მეტი დრო დაეთმოს სამხედრო განათლებას.

17 ივნისს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული. 

პარალელურად, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ - გავრცელებულ ვიდეო კადრების მიხედვით, ისინი ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და მათ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა სასტუმროს ქვებიც დაუშინეს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში გირჩი - მეტი თავისუფლების წარმომადგენლების და ლექციისთვის შეკრებილი ახალგაზრდების გარდა, სხვა დამსვენებლებიც იმყოფებიდნენ.

ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა ინციდენტის შესახებ პოსტი თავდასხმიდან მალევე დაწერა და მომხდარს პირველი, დეტალურად გამოეხმაურა. შაქარაშვილი ხელისუფლების სატელიტი ერთ-ერთი ძალადობრივი ჯგუფის ლიდერია. მისმა სწრაფმა გამოხმაურებამ და თავდასხმის ადგილზე გამოჩენამ, "გირჩელები" დაარწმუნა, რომ ადევნება თბილისიდანვე იყო დაორგანიზებული.

შსს-ს ცნობით, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სოსო მაისურაძეს 1-წლიანი პატიმრობა ელის. 

რაც შეეხება ბორჯომში ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტუმროზე თავდასხმას, შსს-ს ცნობით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს მოწოდებული ინფორმაციით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა, თავდასხმას რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლებდა, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდებოდა.


close დახურვა