ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძის ინფორმაციით, ხვალ, 3 ნოემბერს, 20:00 საათზე ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართება.
მისი თქმით, ახლა დროა, ხალხმა თავისი არჩევანი, ქვეყნის თავისუფლება და სააკაშვილის სიცოცხლე ქუჩაში დაიცვას.
"მოვუწოდებ ყველა ზუგდიდელს და მთელ სამეგრელოს - მე ვიცი, რომ თქვენ ხართ ძალიან გაბრაზებულები წართმეული და მოპარული არჩევნების შემდეგ. ახლა არის დრო და ამ არჩევნებმა ჩვენ გვიჩვენა, რომ მხოლოდ არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა ვერ იქნება საკმარისი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ვისი ხმაც უსირცხვილოდ მოიპარეს, თავისი არჩევანი, ამ ქვეყნის თავისუფლება და მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე მშვიდად, წყნარად, მტკიცედ, მაგრამ ჯიუტად დაიცვას ქუჩაში", - თქვა მან.
ის მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
მანამდე დღეს, 2 ნოემბერს, 17:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება ბათუმში.
ოპოზიციამ პერმამენტული აქციები 31 ოქტომბერს დააანონსა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს წინასწარი შედეგებით, ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თემში, გარდა წალენჯიხისა, ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.
არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა ბიულეტინების გაბათილებამ, ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლამ და ძალადობამ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა საბოლოო შედეგებზე. ISFED-ის შეფასებით კი, "მეორე ტური გაშვებული შესაძლებლობაა დემოკრატიული განვითარების გზაზე".
ამასთან, ბათუმსა და ქუთაისში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა აღემატება კანდიდატებს შორის ხმების სხვაობას.
ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე. მისივე განცხადებით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები და ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.