logo
ENG



ჯაფარიძე კობახიძის ინიციატივაზე: ერთგვარი უკან დახევაა

23 დეკ 202016:04
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე კობახიძის ინიციატივაზე: ერთგვარი უკან დახევაა

გირჩის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის ინიციატივას ტვ პირველის ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მმართველი გუნდის ერთგვარი უკან დახევაა. თუმცა, ჯაფარიძის თქმით, ინიციატივის არსი არ იცვლება და ხელისუფლება ოპოზიციის დაშანტაჟებას განაგრძობს. ირაკლი კობახიძე ერთპარტიული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, პარტიების დაფინანსების შეწყვეტისა და ენმ-სთვის რეგისტრაციის გაუქმებაზე კანონპროექტი ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას გაუგზავნონ და განხილვები მხოლოდ ამის შემდეგ განაახლონ. 

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ვერ იაზრებს თუ რამდენად ღრმა კრიზისში იმყოფება ქვეყანა და ცდილობს, მრავალპარტიული პარლამენტის სურათი დახატოს.

"ერთგვარი უკანდახევაა, ალბათ, რადგან შეაჩერეს და ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან. თუმცა, ამით, ხომ ინიციატივების დაყენების არსი არ იცვლება. ქართული ოცნება ასეთი მიდგომით ცდილობს, დააშანტაჟოს ოპოზიციური სპექტრი, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოკიდებულია საბიუჯეტო დაფინანსებაზე. ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებასა და ივანიშვილს არ აქვთ გააზრებული თუ რამდენად ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტის მიერ არჩეული დეპუტატები არ შედიან პარლამენტში, ეს აჩვენებს რამდენად ღრმა კრიზისია ქვეყანაში", - აცხადებს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ზოგადად, პოლიტიკურ პარტიას არა ბიუჯეტი, არამედ ამომრჩეველი უნდა აფინანსებდეს. 

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 17 დეკემბერს თქვა, რომ პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების წინააღმდეგაა მიმართული. კობახიძის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მათმა უდიდესმა ნაწილმა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.

ოპოზიციას რამდენიმე მოთხოვნა აქვს: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.

მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება. 

სწორედ ამის გამო, მე-10 მოწვევის პარლამენტი ამ დრომდე სრულად ერთპარტიულია.


close დახურვა