„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით წერს, რომ ადამიანების ნაწილს შემოსავლისთვის ქვეყნიდან გასვლა სჭირდება, „ქართული ოცნების“ მთავრობა კი მათ არ უშვებს, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი ქვეყნები გახსნილია მათ მისაღებად.
ამასთან, ჯაფარიძის თქმით, მთავრობა არ უშვებს ტურისტებს, მაშინ, როდესაც ადამიანების ნაწილის შემოსავალი სწორედ მათზეა დამოკიდებული.
„მონობა სხვა არაფერია - რაღაც ჰიპოტეთური, საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი დიადი მიზნისკენ სწრაფვის გამო ადამიანებს ეკრძალებათ თავისუფალი გადაადგილება, შრომა, საკუთარი თავისა და ოჯახის შემოსავლით უზრუნველყოფა. თან დღემდე არავინ ხსნის, რას აკეთებს მთავრობა, რა არის საბოლოო მიზანი კორონას წამალს ელოდება? არ იქნება კიდევ დიდი ხანი. ვაქცინას ელოდება? ასევე არ იქნება დიდი ხანი. ოდესღაც ხომ მოუწევთ გახსნა და მერე რა ხდება? საბოლოო ჯამში ხომ გარდაუვალია, რომ ადამიანების დიდ ნაწილს უბრალოდ მოგვიწევს ამ ვირუსული ინფექციის გადატანა და იმუნიტეტის გამომუშავება? მაშინ რა ახსნა აქვს იმას, რომ სარფიდან არ ვუშვებთ ხალხს ხოფაში სამუშაოდ? ან სხვა ქვეყნებიდან არ ვუშვებთ ტურისტებს აქ ფულის დასახარჯად? ან ვიზ ეარს ფაქტობრივად ვუშვებთ ქვეყნიდან? გარდა იმისა, რომ უნდათ ჩვენი დამცირება, უნდათ, რომ შევეგუოთ მონურ მდგომარეობაში ყოფნას“, - წერს ჯაფარიძე.
ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებას სურს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ხალხზე ზრუნვის მოტივით უფლება აქვს, ადამიანებს წაართვან თავისუფლება, შემოსავალი და აუკრძალონ გადაადგილება, ხოლო სწორად მოქცევის შემთხვევაში, ორას ლარს "მიუგდებენ". ჯაფარიძის თქმით, ეს ყველაფერი ოქტომბერში უნდა დასრულდეს, მომავალში კი ასე მოქცევის უფლება არც ერთ მთავრობას უნდა ჰქონდეს.
ევროპულმა საბჭომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - ამ სიაში შედის ის 14 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნას ევროკავშირი ივლისის დასაწყისიდან აპირებს. მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, გერმანიამ, ისლანდიამ, ესპანეთმა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარი უკვე გაუხსნა. საქართველოს საზღვრები საფრანგეთმა და იტალიამაც გაუხსნა.