logo
ENG



ჯაღმაიძე დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე კომისიის საქმიანობას მოღალატეობრივს უწოდებს

04 ოქტ 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის წინა შემადგენლობის საქმიანობას მოღალატეობრივს უწოდებს.

მისი თქმით, კომისიის წარმომადგენლებს საკითხის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჰქონდათ.

"მოღალატეობრივად ვაფასებ. მე მგონია, რომ შეიძლება ასე შეფასება გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მათ დადეს. ოქმები, რომელსაც ხელი მოეწერა ამ კომისიის მუშაობისას, მეტყველებს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. მადლობა ღმერთს, რომ ბოლო ინსტანცია არ არის კომისიის გადაწყვეტილებები. ამ კომისიამ მიაკუთვნა ეს ტერიტორიები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს და რომ ყოფილიყო იგივე ნება ზედა ინსტანციებშიც, საბოლოოდ შეიძლება, რომ დაკარგულიყო. თუმცა, დღეს სრულიად შესაძლებელია ამ კომისიის მიღებული გადაწყვეტილებების და ოქმების გადახედვა,  რევიზია და ახალი კვლევის საფუძველზე, სხვა შედეგების დადება", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომისიის ახალ შემადგენლობას პრინციპულად შეცვლილი სამოქმედო გეგმა და განსხვავებული მიდგომა აქვს.

"ახალ კომისიას პრინციპულად შეცვლილი სამოქმედო გეგმა აქვს და პრინციპულად უფრო ღრმა კვლევას, ავთენტურ დოკუმენტაციას ეყრდნობა მათი მიდგომები. ამიტომ იმედი გაცილებით უფრო მეტია ახლა", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

29 სექტემბერს, პროკურატურამ დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

ასევე, 29 სექტემბერს, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონი გამოკითხა. არქიმანდრიტს არ უთქვამს, კონკრეტულად რა კითხვები დაუსვეს პროკურატურაში.

პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ის დავით გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას "დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს. ექსპრეზიდენტი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ხელისუფლება გეგმავს, მას დააბრალოს "ქართული მიწის გაყიდვა".

საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.

გადაუწყვეტრჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.

1921 წელს, როცა აქ საზღვარი გაივლო, ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ქვემო ყარაის ველი დაუთმეს. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 მონასტრიდან 3 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - ბერთუბანი, ჩიჩხიტური და უდაბნო.

საზღვრის დადგენაზე წლებია, კომისია მუშაობს, სხვადასხვა შემადგენლობით. 


close დახურვა