დისკრედიტაციის მცდელობა პირველი შემთხვევა არ არის, უკვე წლებია მიმდინარეობს და ესეც აკერმანის სახელმძღვანელოდანაა, ამ სახელმძღვანელოს მიხედვით მოქმედებენ, თუმცა ვერ ხვდებიან რომ დაძველდა აკერმანის სახელმძღვანელოს მეთოდები და ყველამ ყველაფერი იცის. პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა დღესაც გრძელდება, თუმცა რეალობა აბსოლუტურად სხვა არის, როდესაც ხდება კონკრეტული დანაშაული ამას ყოველთვის აქვს რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან მძიმეა აღნიშნული კადრები, რაც ვნახეთ, თუმცა მეორე მნიშვნელოვანი თემაა ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვა მყისიერი რეაგირება და ყველა დამნაშავე არის დაკავებული. 40 000-მდე პოლიციელია უწყებაში, არსებობს კანონი, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს, რა თანამდებობის პირი იქნება, ამას მაშინვე მოჰყვება რეაგირება, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ის მოძალადეები და დამნაშავეები დღეს არიან დასჯილები.
მე არ ვარ პროკურორი, ამ შეკითხვას რომ მისვამთ. არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც უფრო კომპეტენტურად გიპასუხებთ აღნიშნულ კითხვაზე. შეგიძლიათ მიმართოთ და მიიღებთ პასუხს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დანაშაული უნდა აღიკვეთოს და მოჰყვეს რეაგირება.
თქვა კახა კალაძემ. კალაძის შეფასება, რომ მომხდარს მყისიერი რეაგირება მოჰყვა არ შეესაბამება სამართალდამცავი უწყებების განცხადებას, ვინაიდან შსს-ს ინფორმაციით, ეს დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოავლინა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, პროკურატურაში კი განაცხადეს, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს. ცნობისთვის, ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.