ირაკლი ღარიბაშვილიც კი ადასტურებს, რომ დღეს სახელმწიფო, და მისი ყველა შტო მიტაცებულია; ყველა გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი და ეს გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
ჩვენთვის ცხადია ეს სიახლე არ არის, ამაზე წლებია ვსაუბრობთ და საზოგადოების დიდმა ნაწილმაც იცის. მაგრამ ღარიბაშვილისგან ნათქვამს ის ხალხიც მოისმინეს, ვინც შესაძლოა ჩვენ არ გვისმენდა ან/და გვიჯერებდა. შესაძლოა საჯაროდ არაფერი თქვან, მაგრამ არ მგონია არ დაფიქრდნენ.
ღარიბაშვილის მაგალითი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არ არსებობს არანაირი ერთგულება. მას როდესაც დასჭირდება, ყველას გასწირავს, ყველაზე ერთგულსაც კი. ეს უკვე იცის “ქართული ოცნების” ყველა წევრმა, თუმცა როგორც მაღლა აღვნიშნე, საჯაროდ ვერავინ ვერაფერს იტყვის. ფიქრით კი ალბათ ფიქრობენ.
ამ პროცესში კარგად ჩანს პარტიის რიგ წევრთა/მხარდამჭერთა ფსევდო ერთგულებაც - ადამიანები, რომლებიც გუშინ ღარიბაშვილს ადიდებდნენ, დღეს მას ლაფს ასხამენ. იგივე ადამიანები დღეს ვისაც აქებენ (სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ), ხვალ აუცილებლად მათაც მყისიერად გაიმეტებენ. ასე იქნება მანამ, სანამ მათი დრო არ მოვა.
პ. ს. ღარიბაშვილის წვლილი უდიდესია, ჩვენი ქვეყნის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში.
წერს "სამართლიანი არჩევნების" ყოფილი ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე, სოციალურ ქსელში.