logo
ENG


ზურაბიშვილი: რუსეთმა ომი გამოუცხადა არამარტო უკრაინას, არამედ პრინციპებს, რაზეც დგას ევროპა
  • 552ნახვები

დღეს უმძიმესი გამოწვევის წინაშე იმყოფება ევროპა. ომი შუაგულ ევროპაში თვით ევროკავშირს ემუქრება, რამეთუ რუსეთმა ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ პრინციპს, რაზედაც დგას ევროპა: ჰელსინკის პრინციპები, საერთაშორისო სამართლის კანონები, ყოველივე სახელმწიფოს სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, სამართლიანობა და დემოკრატია და პირველ რიგში, ის, რამაც წარმოშვა ევროპული იდეა: ომის მაგივრად მშვიდობაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული ურთიერთობები.

ამ გამოწვევაზე ევროპამ გასცა ყველაზე ძლიერი პასუხი - ევროპის 27-ვე წევრი ქვეყნის მჭიდრო ერთიანობა! გასცა მან ყველაზე ღირსეული პასუხი - არა დათმობა და შეგუება, არა სიფრთხილე და რეალობისგან თავის არიდება, არა ეგოიზმი არამედ სოლიდარობა, რომელიც დღეს სცილდება ევროკავშირის საზღვრებს და მოიცავს პირველ რიგში უკრაინას, აგრეთვე მოლდოვას და საქართველოს, ან კიდევ დასავლეთ ბალკანეთს.

ეს ღირსეული ევროპა არის ის, რომელთანაც გაერთიანებას ჩვენი მოსახლეობის 88% მხარს უჭერს. ეს ძლიერი ევროპაა, რომელიც საკუთარ ძალას ომიდან კი არა, მშვიდობიანი განვითარებიდან იძენს, სწორედ ის ევროპაა, რომელიც ჩვენ გვიზიდავს და რომლისკენაც მივილტვით.

დღეს კი, უკრაინამ თავისი თავდადებული, გმირული, თავდაცვითი ბრძოლით განგვიახლა და დაგვიჩქარა ევროპის გზის გახსნა. უკრაინა და თითოეული უკრაინელი, რომელიც თავს სწირავს საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად, ამავე დროს, თავს სწირავს და იბრძვის ჩვენი და მთლიანი ევროპის თავისუფლებისთვის, საკუთარი და ჩვენი ევროპული გზისთვის. ჩვენთვის გაღებული მსხვერპლის დაფასებაც უნდა ვიცოდეთ, მადლიერება და სოლიდარობა ჩვენი ვალდებულებაა. ჩვენი ვალდებულებაა დღეს, რომ ვიცოდეთ როგორ დავუდგეთ გვერდში უკრაინას, როგორ გამოვხატოთ სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ევროპელების გვერდით დავდგეთ.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ევროპის დღესთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა