logo
ENG


ღამბაშიძე კადრებზე: თქვენზეა დამოკიდებული, რომ ამ ზიზღის ფესტივალში მონაწილეობა არ მიიღოთ
  • 1072ნახვები
ორუელის 1984-ში მასების მართვის ერთ-ერთი მეთოდი არის “ზიზღის ორი წუთი”. ასე დასვამდნენ ხოლმე მოქალაქეებს და აყურებინენენ მტრების მიერ ჩადენილ ქმედებებს. მერე აჩვენებენ მთავარ ბოროტმოქმედს - გოლდსტეინს. ამ დროს დარბაზში გინება და ფურთხება იწყებოდა. სულ ბოლოს აჩვენებდნენ ხოლმე მმართველს - დიდ ძმას და ამ დროს დარბაზი ერთხმად მოთქვამდა - ბი.ბი., ბი.ბი…(big brother)
ასე აღწერს ორუელი ამ კოლექტიურ ფსიქოზს:
“მეორე წუთში სიძულვილი უკვე სიგიჟეში გადაიზარდა. მაყურებლები ადგილებზე ხტუნავდნენ და მთელი ხმით ღრიალებდნენ, რაღა როგორმე ჩაეხშოთ ეკრანიდან მოკიკინე ეს ჭკუიდან გადამყვანი ხმა(გოლდსტეინის). […] უინსტონის უკან მჯდარმა შავთმიამმა გოგონამ, აქამდე სულ “ღორო! ღორო!”-ს რომ გაჰკიოდა, უცებ საიდანღაც ახალმეტყველების მძიმე ლექსიკონი დააძრო და პირდაპირ ეკრანს ესროლა.[…]
სიძულვილის ორწუთეულის მთელი საშინელება ის კი არ იყო, რომ მაყურებელს ამ პროცესში მომაწილეობას ავალდებულებდა, არამედ ის, რომ შეუძლებელს ხდიდა მასში ჩაურთველობას. ოცდაათი წამის შემდეგ აღარავის სჭირდებოდა თავის მოკატუნენა. შიშისა და შურისგების საზიზღარი ექსტაზი, კაცის კვლის, წამების, მტრის სახეში უროს ცემის მძაფრი სურვილი ელექტროდენივით იღვრებოდა დარბაზში შეგროვილი ადამიანებისგან და თითოეულ მათგანს სახეშეშლილ, აღრიალებულ გიჟად აქცევდა”
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია:
“ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ თუმცა გოლდსტეინი ყველას სძულდა და ეზიზღებოდა, თუმცა ბაქნებზე, ეკრანებზე, გაზეთებსა თუ წიგნებში მის თეორიებს ყოველდღიურად ამასხარავებდნენ, უარყოფდნენ, ანადგურებდნენ და მთლიანობაში, რაღაც უბადრუკ ნაგვად ნათლავდნენ, - ამ ყველაფრის მიუხედავად, მისი გავლენა თითქოს არასდროს კლებულობდა.”
ათი წელია ოცნება მის ამომრჩეველს აჩვენებს სააკაშვილის “რეალურ სახეს”. ხან სახურავზე, ხან არაჟნების კონტეინერში, ხან ციხეში, ხან სასამართლოში… და ათი წელია ოცნების ამომრჩევლისთვის მისი მნიშვნელობა არ კლებულობს.
ხო შეიძლება ბოლოს და ბოლოს დასვა შეკითხვა თუ რატომ ხდება ასე? როგორ ხდება, რომ ამდენი დამცირებისა და დაჩაგვრის შემდეგაც სააკაშვილისადმი შიში და ზიზღი არ განელებულა.
პასუხი ზემოთ არის მოცემული. თქვენ რომ სააკაშვილი გეზიზღებათ, ეგ კაცი არ არსებობს. ოცნების მოგონილი თოჯინაა, რომელსაც ასე პერიოდულად აგიფრიალებენ ხოლმე თვალწინ და თქვენც მომენტალურად გადაეშვებით ზიზღის მორევში, ცქმუტავთ ტელევიზორებთან და ესვრით ეკრანებს რაც ხელში მოგხვდებათ იმას.
პარალელურად კი ტენდერები, ევროინტეგრაცია, კორუფცია, გაძვირებული ცხოვრება და ა.შ.
არ ვართ ტოტალიტარული სახელმწიფო. თქვენზეა დამოკიდებული რომ ამ ზიზღის ფესტივალში მონაწილეობა არ მიიღოთ. გამოაცალეთ ეს ინსტრუმენტი მთავრობას და იქნებ რე შეიცვალოს უკეთესობისკენ.

წერს თავის Facebook გვერდზე ფილოსოფოსი, ლევან ღამბაშიძე. 

14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა.



ასევე ნახეთ
close დახურვა