logo
ENG


გვარამია: თავისუფლება ლაზარეს! ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ 21 წლის ბიჭზე ზეწოლა არ დავუშვათ
  • 437ნახვები

ჩემი მხარდაჭერა ლაზარეს!

ეს ბიჭი ხელისუფლებამ მტრად "დანიშნა" სამარცხვინო და დანაშაულებრივი ინსინუაციებით და დისკრედიტაციის კამპანიით. "ოცნებამ" საკუთარი გზავნილები შეაზავა ყველა მდაბიო ქსენოფობიური სტერეოტიპით და მიმართა საბჭოთა კავშირში დაბადებული თაობებისკენ. ამ გზავნილების შინაარსია: "აი, ასეთია ჩვენი ახალგაზრდობა, ეს არის დასავლეთის გარყვნილი ზეგავლენა". ეს გზავნილები არის მცდელობა (დარწმუნებული ვარ, წარუმატებელი) დააპირისპირონ თაობები, დაგვაშორონ დასავლეთს, გაგვტეხონ იმედგაცრუებით.

მინდა მივმართო ჩემზე უფროს თაობებს: მამაჩემი ალბათ, იტყოდა - "ყოჩაღი ბიჭია, მაგრამ რად უნდოდა კაცო ეს, რა დაუხატავს სახეზე". დედა, ალბათ, იტყოდა - "რა ჭკვიანი თვალები აქვს, какая очеравательная улыбка, მარა ეს თმები რაა ვითომ ახლა, უხდება?" კი, ალბათ, ასე იტყოდნენ და ამაში მხოლოდ ესთეტიურ შინაარსს ჩადებდნენ და არაფერს სხვას, სრულიად არაფერს. და ყოველგვარი "ალბათ"-ის გარეშე ფეხმოუცვლელად დადგებოდენ ყველგან, სადაც ლაზარეს თავისუფლებას მოითხოვდა ხალხი.

ლაზარე პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობაშია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა მან. სწორედ ამგვარია საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც დანაშაულის ნიშნების არსებობა არ აუქმებს პატიმრობის პოლიტიკურ შინაარსს და შერჩევითობას. შესაბამისად, მის უკანონობას. მინდა მივმართო ჩემს თაობას: ხელისუფლება ახლა ამზადებს მეორე და მისთვის სტრატეგიულ გზავნილს - აღიარებინოს ლაზარეს არსებულიც და არარსებულიც და ანახოს მის თაობებს გატეხილი და დამარცხებული არა მხოლოდ ლაზარე, არამედ მისი სიმბოლოდ ქცევით, გატეხილი და დამარცხებული მთელი თაობები, თავისუფალ საქართველოში დაბადებული თავისუფალი თაობები. მთავარი ამოცანა სწორედ ესაა და ამის არდაშვება ახლა ჩვენ ძალგვიძს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 21 წლის ბიჭზე ზეწოლა არ დავუშვათ. არ დავუშვათ მის ოჯახსა და მეგობრებზე ზეწოლა. არ დავუშვათ მთელ საზოგადოებაზე ზეწოლა.

თავისუფლების თაობებს, ჩემი შვილების ტოლებს, მინდა ვთხოვო: იბრძოლეთ ლაზარესთვის ისეთივე ვნებითა და შემართებით, როგორც ის იბრძოლებდა მის ადგილას ახლა ნებისმიერი თქვენგანი რომ ყოფილიყო. იბრძოლეთ და არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ, რაც არ უნდა თქვან რუსული ხელისუფლების მოლაპარაკე თავებმა, დანაშაულის შეკერვაში დახელოვნებულმა პროკურორებმა და უსინდისო და უგულო მოსამართლეებმა. არ დაიჯეროთ და გააგებინეთ და დაარწმუნეთ თქვენი მეგობრები, მშობლები, ბებიები და ბაბუები. იბრძოლეთ გარეთ, მაგრამ იბრძოლეთ საკუთარ, მეზობლების და მეგობრების სახლებსა თუ ეზოებში. იბრძოლეთ ფართიზე და კლუბებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში. უნდა მოიგოთ ეს ბრძოლა არა მარტო გამბედაობით, ენერგიით და ემოციით, არამედ ჭკუით, დარწმუნების ძალით და დაუზარლობით. არ გაამარჯვებინოთ არც პროკურორების და მოსამართლეების უსამართლობას და არც რუსული ოცნების პოლიტიკოსების და მედიების ბინძურ პროპაგანდას!

თავისუფლება ლაზარეს!

თავისუფლება ჩვენს სამშობლოს!

წერს მთავარი არხის პატიმრობაში მყოფი დირექტორი ნიკა გვარამია.

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.



ასევე ნახეთ
close დახურვა