logo
ENG



აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

23 აპრ 202012:20
3 წუთის საკითხავი
 

აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნული შემთხვევები შიდა გადადებას ან ე.წ. ქობულეთის კლატერს არ განეკუთვნება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ერთი პაციენტი გუშინ სარფის გამშვები პუნქტიდან გადაიყვანეს ცხელებით კლინიკაში და ტესტის ჩატარების შემდეგ მას კოვიდ-19 დაუდგინდა, ხოლო მეორე რამდენიმე დღის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდა.

„დაგვემატა ორი ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის ერთ-ერთი გუშინ იმპორტირებული. პირდაპირ სარფის საბაჟოდან ცხელების კლინიკაში იქნა გადამისამართებული. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, პაციენტი ერთი კვირის შუალედში, არის საკარანტინო ზონაში. მას შემხებლობა მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან არ ჰქონია, შესაბამისად, კონტაქტები არ ჰყავს. ის გუშინ იქნა დიაგნოსტირებულია“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.

ჯამში აჭარაში კორონავირუსის 37 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 34 ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 5 223 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 584. ვირუსისგან სრულად განიკურნა 107 პაციენტი, 5 კი, გარდაიცვალა.

საგანგებო მდგომარეობა, რაც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, გუშინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა