logo
ENG



ბასილ კობახიძე: სატანას აღუვლენს წირვას ყოველი მღვდელი ვინც დღეს მსახურობს

16 აპრ 202015:24
3 წუთის საკითხავი
 
wsz0c2vfa3ymo0p.png

თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს და აცხადებს, რომ დღეს სამღვდელოების მხრიდან ხალხის პირდაპირი ხოცვა ხორციელდება.

კობახიძე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს.

„სატანას აღუვლენს წირვას ყოველი მღვდელი ვინც დღეს მსახურობს და ხალხს აზიარებს. დღეს ასევე უამრავი ბავშვი მიიყვანეს ზომბმა მშობლებმა ზიარებისათვის. დღეს, აი ახლა, ხდება ფართო მასშტაბიანი დავირუსება, რომელიც აღდგომას კიდევ გაიზრდება. დღეს პირდაპირ ვუყურებთ ხალხის ხოცვას სამღვდელოების მიერ. ყოველი ეს მღვდელი, პატრიარქიდან დაწყებული, უნდა დააპატიმრონ. სამხედრო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს. მედიამ ახლავე განგაშის ზარები უნდა დარეკოს“, - წერს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ. 

რაც შეეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. 

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.


close დახურვა