logo
ENG



ვთხოვ საპატრიარქოს, დაფიქრდნენ, ვირუსის დიდი აფეთქება გველოდება - გიორგი ვაშაძე

16 აპრ 202014:27
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ დროა, ხელისუფლებამ ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს. პოლიტიკოსების თქმით, ქვეყანაში კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ამიტომ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები სასულიერო პირებსა და მრევლზეც უდნა გავრცელდეს.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებასთან საუბარს აზრი აღარ აქვს და თხოვნით საპატრიარქოს მიმართავს, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების საკითხზე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ.

„იმედგაცრუებული ვარ, უკვე აზრიც აღარ აქვს საუბარი ხელისუფლებაზე, რომელმაც მიატოვა ხალხი ამ განსაცდელში. დღეს ერთადერთი შემიძლია კიდევ ერთხელ ვთხოვო საპატრიარქოს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ყველა ინფექციონისტი ამას ამბობს, რომ ჩვენ დიდი აფეთქება გველოდება ვირუსის“, - განაცხადა ვაშაძემ.

მთავრობასა და საპატრიარქოს შორის მიღწეულ შეთანხმებას უარყოფითად აფასებს პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, ასეთ კრიტიკულ ვითარებაში საჯარო ინსტიტუტების მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნა და მოქალაქეების მიტოვება დაუშვებელია.

„მთავრობასა და საპატრიარქოს შორის მიღწეული შეთანხმება, ჩვენი ღრმა რწმენით, არ შეესაბამება ჯანდაცვის სისტემის მიერ კორონავირუსთან ბრძოლისათვის შემუშავებულ სტრატეგიას და სტანდარტებს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და კონსტიტუციურ წესრიგს, ვერ თავსდება საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივ ჩარჩოებში და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო თანხმობას და თანასწორობას. სამწუხაროდ, დღეს ისევ არ ჩანს სახელმწიფოს როლი. ხელისუფლება ისევ ათამაშებს ბურთს სხვის მოედანზე და საკუთარი პასუხისმგებლობის მოქალაქეებზე გადაბარებას ცდილობს. დაუშვებელია ასეთ კრიტიკულ ვითარებაში საჯარო ინსტიტუტების მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნა და მოქალაქეების მიტოვება რთული სამოქალაქო, სამართლებრივი და აღმსარებლობითი საკითხების გადაწყვეტისას“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ. 

რაც შეეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. 

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. 


close დახურვა