logo
ENG



კობახიძე: როგორც ჩანს, კონსულტაციები იყო და დანიელსონმა საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა

15 მარ 202119:49
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: როგორც ჩანს, კონსულტაციები იყო და დანიელსონმა საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი, გუშინ, 14 მარტს მმართველ გუნდთან შეხვედრის წასვლას აპირებდა, მაგრამ შემდეგ დარჩენა გადაწყვიტა. კობახიძის თქმით, დანიელსონის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ევროკავშირი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგს სერიოზულად ეკიდება.

"გუშინ შეხვედრის დასრულებისას გვითხრა ჩვენ ბატონმა დანიელსონმა, რომ ის მეორე დილით ანუ დღეს დილით ქვეყანას ტოვებდა. თუმცა, როგორც ჩანს, შემდეგ გარკვეული კონსულტაციები იყო და მან საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა. რის შესახებაც, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, მას შემდეგ რაც კომენტარები გავაკეთეთ, შეგვატყობინა ჩვენ, რაც ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი დიალოგს დიდი სერიოზულობით ეკიდება და სერიოზულად ეკიდება იმას, რომ ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში", - აცხადებს კობახიძე.

დანიელსონი გუშინ დილიდან ჯერ ქართულ ოცნებას შეხვდა, შემდეგ - ოპოზიციას, შემდეგ ისევ ქართულ ოცნებას. დღის ბოლოს გაერთიანებული სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დისკუსიები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდებოდა, რადგან გარკვეული საკითხები დასაზუსტებელი იყო, ხოლო ოპოზიციასთან ერთობლივი შეხვედრა აღარ გაიმართებოდა. კობახიძის ამ განცხადების შემდეგ დანიელსონმა პრეს-კონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩებოდა

დანიელსონი ოპოზიციას დღეს დილითაც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ დიპლომატი შეეცდება, საქართველოში მხარეებს შორის შეთანხმებამდე დარჩეს

მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან. 

მიშელმა ჩარჩო საკითხებიც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. 

დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი. 

 


close დახურვა