logo
ENG



კობახიძე ტრამპზე თავდასხმაში "გლობალური ომის პარტიის" კვალს ხედავს

14 ივლ 202412:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/14/r36ntdabmg5a86s.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას კიდევ ერთი პოსტით ეხმაურება და მმართველი პარტიის პროპაგანდისტულ რიტორიკას იმეორებს.

პოსტში, რომელიც Facebook-ზე, ქართულ ენაზე გამოქვეყნდა, კობახიძე ტრამპზე თავდასხმას "გლობალური ომის პარტიის არსებობას" უკავშირებს. მისი მტკიცებით, "გლობალური ომის პარტიამ" "პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქცია".

"გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს", - წერს ირაკლი კობახიძე.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ირაკლი კობახიძე ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა - ინგლისურენოვან განცხადებაში "გლობალური ომის პარტია" ნახსენები არ არის.

იგივე პროპაგანდისტული რიტორიკით ტრამპზე თავდასხმას მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძეც გამოეხმაურა - მან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელბაშიც "გლობალური ომის პარტიის" კვალი დაინახა. 

***

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. შეხვედრის დროს, როცა ტრამპი ადგილზე შეკრებილებს მიმართავდა, რამდენიმე გასროლა იყო, რა დროსაც კანდიდატმა ყურის არეში ჭრილობა მიიღო. ის ადგილიდან უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემაც, ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად თავდამსხმელს, ის განეიტრალებულია

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ის მოხარულია, რომ დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს. 

მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მსროლელის ვინაობა დაასახელა. ბიუროს ცნობით, ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.

 


close დახურვა