logo
ENG



ზარქუა ტრამპზე თავდასხმაზე: ეს გლობალური ომის პარტიის მკაფიო გამოხატულებაა

14 ივლ 202415:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/14/shczut74am5sdgo.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. ის მმართელი პარტიის პროპაგანდისტულ რიტორიკას იმეორებს და აღნიშნავს, რომ ინციდენტში წვლილი "გლობალურ ომის პარტიას" მიუძღვის.

მან აშშ-ზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ქვეყნისგან, სადაც "ყოფილი პრეზიდენტის უფლებებიც არ არის დაცული", შენიშვნებისა და "ნოტაციების" მიღებას აღარ აპირებს.

"აშშ-ის მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება "გლობალური ომის პარტიის" მხრიდან, როგორ ესხმის თავს ოპონენტებს, მოწინააღმდეგეებს, განსხვავებული აზრის თუ იდეოლოგიის მქონე პირებს. ჯერ ვნახეთ ევროპაში ფიცო, შემდეგ გახსოვთ, ჩვენს პრემიერმინისტრზე მუქარის წერილი და მუქარა, ახლა კი პრეზიდენტობის კანდიდატზე ტყვიის გასროლა.

ეს ყველაფერი ხდება წინასაარჩევნოდ და სად? ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ჩვენთვის იყო მაგალითი დემოკრატიის, განსხვავებული აზრის მიმღებლობის, ადამიანის უფლებების დაცვის. ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატისა და ყოფილი პრეზიდენტის უფლებები არ არის დაცული, ის ხელისუფლება რომ გამოვა და მე გამაკრიტიკებს, მორალს წამიკითხავს, როგორ დავიცვა ადამიანის უფლებები, როგორ მქონდეს განსხვავებულობის მიმღებლობა, როგორ შევამცირო პოლარიზაცია, ამაზე ნოტაციას წამიკითხავს, ვერ მივიღებ", - თქვა მან. 

მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

***

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპზე თავდასხმას ორჯერ გამოეხუამრა. პოსტში, რომელიც Facebook-ზე, ქართულ ენაზე გამოქვეყნდა, კობახიძე ტრამპზე თავდასხმას "გლობალური ომის პარტიის არსებობას" უკავშირებს. მანამდე მომხდარს კობახიძე X-ზე გამოეხმაურა - ინგლისურენოვან განცხადებაში "გლობალური ომის პარტია" ნახსენები არ არის.

მანამდე პროპაგანდისტული განცხადება მმართელი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გაავრცელა. მან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელბაშიც "გლობალური ომის პარტიის" კვალი დაინახა. 

მოგვიანებით, მსგავსი შინაარსის განცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა - ზახაროვამ თქვა, რომ "შეერთებულ შტატებში, ფაქტობრივად, ახალისებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის გაღვივებას". 

***

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ კანდიდატს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე თავს დაესხნენ. შეხვედრის დროს, როცა ტრამპი ადგილზე შეკრებილებს მიმართავდა, რამდენიმე გასროლა იყო, რა დროსაც კანდიდატმა ყურის არეში ჭრილობა მიიღო. ის ადგილიდან უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტის დროს დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემაც, ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება თავად თავდამსხმელს, ის განეიტრალებულია

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ის მოხარულია, რომ დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს. 

მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მსროლელის ვინაობა დაასახელა. ბიუროს ცნობით, ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.

 


close დახურვა