logo
ENG



მეგრელიშვილი: მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს, ის უარზეა ევროკავშირის გარანტიით გამოსვლაზე

23 აპრ 202117:05
3 წუთის საკითხავი
 
მეგრელიშვილი: მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს, ის უარზეა ევროკავშირის გარანტიით გამოსვლაზე

გირჩის წევრი, ვახო მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას ჰქონდა შანსი, ევროკავშირის მიერ გაცემული გარანტიით გამოსულიყო საპატიმროდან, თუმცა ამაზე თავად ოპოზიციონერმა ლიდერმა და პარტიამ განაცხადა უარი.

ვახტანგ მეგრელიშვილის განმარტებით, შეთანხმება იყო იმგვარად დადებული, რომ კრიზისის მოგვარება არ ყოფილიყო დამოკიდებული ერთ ადამიანზე და აძლევდა ნიკა მელიას იმის საშუალებას, რომ გარეთ გამოსულიყო.

„ნიკა მელიასთვის იყო მოფიქრებული ორი ვერსია, რომლიდანაც ერთი არ ეწერა დოკუმენტში და იყო ყველაზე ადეკვატური: ევროკავშირის პრეზიდენტი, ფაქტობრივად, აღიარებდა, რომ მელია პოლიტიკური მიზნით იყო საპატიმროში. მიუხედავად ამისა, მიშელის შეთანხმების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ კრიზისი არ ყოფილიყო დამოკიდებული ერთ ადამიანზე და რაც არ უნდა გადაეწყვიტა ნიკა მელიას, კრიზისი მაინც უნდა დასრულებულიყო და დასრულების გარანტირებული ფორმა იყო ამნისტია, რომელიც ავტომატურად აძლევდა ნიკა მელიას გარეთ გამოსვლის საშუალებას მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა.

მაგრამ ნიკა მელიამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, ნაცვლად იმისა, რომ ეს დახმარება მიეღო, უარი გამოაცხადა არა მარტო ევროკავშირის გარანტიით გამოსვლაზე 72 საათში, ანუ ფაქტობრივად ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს, არამედ გვამუნათებს იმ ხალხს, ვინც ვაპირებთ ამ შეთანხმების შესრულების მიზნით მხარი დავუჭიროთ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნიკა მელიასთვის არის მოფიქრებული, არანაირი პოლიციელისთვის, სხვა ადამიანისთვის, არამედ კონკრეტულად ნიკა მელიასთვის. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სხვა გზა, ლელოს ინიციატივა თუ სხვა, არაფრით განსხვავდება მისთვის შეთავაზებული ინიციატივებისგან", - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

 

 

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს. 

მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება. 

 ლელოს ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ევროპარლამენატრები მზად არიან ჩაერთონ ლელოს ინიციატივაში და თავდებში ჩაუდგენენ ნიკა მელიას. 

ლელოს ინიციატივას ენმ-ის ყოფილი წევრი, სალომე სამადაშვილიც შეუერთდა.


close დახურვა