logo
ENG



რომან პრატასევიჩმა "დანაშაული აღიარა", გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნაცემია

25 მაი 202111:17
3 წუთის საკითხავი
 

ბელარუსის სამთავრობო მედიებმა დაკავებული ჟურნალისტის და აქტივისტის, რომან პრატასევიჩის მიმართვა გამოაქვეყნეს. 

მიმართვაში ის "აღიარებით ჩვენებას აძლევს" მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს. 

მისივე თქმით, ახლა იმყოფება მინსკში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მას მაქსიმალურად კორექტულად ეპყრობიან და ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, მათ შორის - არც გულთან დაკავშირებული. 

თუმცა, 29-წამიან ვიდეოში ჩანს, რომ რომან პრატასევიჩი ნაცემია. ეტყობა ნაიარევი. 

პრატასევიჩის ამ ვიდეომდე მისმა დედამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი გულის პრობლემით, კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. 

  • გუშინ, 24 მაისს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა ბელარუსს სამმილიარდიანი საინვესტიციო პაკეტი შეუჩერა და განაცხადა, რომ იქამდე გაუყინავს, სანამ ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე არ დაბრუნდება.
  • ასევე, მოუწოდა ყველა გადამზიდავ კომპანიას, არ იფრინოს ბელარუსის თავზე. 
  • ევროპული მოითხოვს შემდგომი მიზნობრივი ეკონომიკური სანქციების დაწესებასაც. 
  • ასევე, მოითხოვს რომან პრატასევიჩის და სოფია საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათი თავისულად გადაადგილების უფლების გარანტიას.

რომან პრატასევიჩი 23 მაისს დააკავეს. 

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, რომ საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი დედაქალაქ მინსკში დაესვათ, რადგან ბორტზე ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი/ჟურნალისტი, რომან პრატასევიჩი იმყოფებოდა.

თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში გაფრინდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებით​ შეაცვლევინეს. 

თვითმფრინავის მინსკში დაშვების შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის რომან პროტასევიჩი დააკავეს. ის ბელარუსში ძებნილად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც აქტივისტ/ჟურნალისტი ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას.

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბელარუსელი აქტივისტ-ჟურნალისტის დაკავებას ტერორისტულ აქტად შეაფასა

მოგვიანებით ფაქტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მკაცრად გმობს "ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ ქმედებას, შეცვალოს კომერციული ფრენა და დააკავოს ჟურნალისტი". 

აღსანიშნავია, რომ მომხდარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა, თუმცა, თავისი განცხადებით არ დაუგმია მომხდარი და არ უხსენებია დაკავებული ჟურნალისტი. 


close დახურვა